თემურ ქეცბაიას მშენებარე სასტუმრო, რუსეთში საქართველოს ინტერესთა სექციის ხელმძღვანელმა იყიდა

თემურ ქეცბაიას მშენებარე სასტუმრო, რუსეთში საქართველოს ინტერესთა სექციის ხელმძღვანელმა იყიდა
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მშენებარე სასტუმრო რუსეთში საქართველოს ინტერესთა სექციის ხელმძღვანელმა მამუკა მერკვილაძემ იყიდა.
ბიზნეს რეესტრის მიხედვით, შპს „ტოკიო ჰოტელს“, რომელიც სასტუმროს წლების განმავლობაში აშენებს, მიმდინარე წლის 13 იანვრიდან ახალი მფლობელი ჰყავს. წლის დასაწყისიდან კომპანიის 100%-იან წილს მამუკა მერკვილაძე ფლობს, ხოლო დირექტორი საქართველო-ს ორმაგი მოქალაქე გიორგი სააკოვია.
შპს „ტოკიო ჰოტელს“, რომელიც 2022 წლის ივლისში დარეგისტრირდა მიმდინარე წლის დასაწყისამდე ფლობდნენ: შპს სანს ჰოტელ (44%), თემურ ქეცბაია (15%), დავით სვანაძე (13%), თეა ახალაძე (12%), ალექსანდრე ვეფხვაძე (12%), დავითი იმნაძე (4%). კომპანიის დირექტორი კი ირაკლი სამხარაძეა. თავის მხრივ, შპს სანს ჰოტელი დავით ლაშხიას და ვახტანგ ჩიქოვანს ეკუთვნის.
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციით, სასტუმრო თეთრი კარკასის მდგომარეობაშია და 5 მლნ დოლარად იყიდებოდა.
სასტუმროს მიწის ფართობი 722 კვ.მ-ია, საერთო ფართობი 3040.7 კვ.მ, სამშენებლო მოცულობა 13061.94 კვ.მ, ხოლო შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული სიმაღლე 27.75მ. პროექტის მიხედვით სასტუმრო 62 ნომრიანი იქნება.