ისრაელის პრეზიდენტმა გაერო-ზე მორიგი შეტევა განახორციელა. ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გამოსვლის დროს, ისააკ ჰერცოგმა ეს საერთაშორისო ინსტიტუტი, ანტისემიტიზმის ზრდის ფონზე, „მორალურ გაკოტრებაში“ დაადანაშაულა. „დღეს ჩვენ გაერო-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შემობრუნების მომენტში ვიმყოფებით“, – მიმართა გაერო-ს გენერალური ანსამბლეის სხდომაზე ისააკ ჰერცოგმა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, რომელიც, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ისრაელის მუდმივი სამიზნეა.
„იმის ნაცვლად, რომ გაამართლოს თავისი დანიშნულება და გაბედულად ებრძოლოს ჯიჰადისტების, მკვლელების და ამაზრზენი ტერორისტების გლობალურ ეპიდემიას, ასამბლეა კვლავ ახდენს თავისი მორალური გაკოტრების დემონსტრირებას“, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, „სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავება წაშალა“ ისეთმა საერთაშორისო ინსტიტუტმა, როგორიცაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, რომელმაც ღაზას ომზე პასუხისმგებლობის დაკისრების გამო, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა.
„როგორ მოხდა, რომ ებრაელების ყველაზე დიდი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ანტინაცისტური მიზნებისთვის შექმნილმა საერთაშორისო ინსტიტუტებმა გენოციდური ანტისემიტური დოქტრინების აყვავებას შეუწყეს ხელი?“, – თავისი აღშფოთება დაუფარავად გამოხატა ისრაელის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, ანტონიო გუტერეშმა, „ჰამასის“ ამაზრზენი ტერორისტული თავდასხმები“ დაგმო და ანტისემიტიზმის ზრდის ტენდენცია დაადასტურა. „ჰოლოკოსტის დასრულებიდან ოთხმოცი წლის შემდეგ, ანტისემიტიზმი კვლავ ჩვენთანაა. ის, ისევე როგორც ნაციზმის დროს, სიცრუითა და სიძულვილით იკვებება და ზრდას განაგრძობს“, – აღნიშნა მან აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკის განთავისუფლების 80 წლისთავთან დაკავშირებით გაერო-ს შტაბ-ბინაში გამართულ ცერემონიაზე.