ნორვეგიის პოლიციამ დააკავა კიდევ ერთი ხომალდი, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ბოლოდროინდელ გაწყვეტასთან. ხომალდი Silver Dania ნორვეგიული დროშით დაცურავს, მაგრამ მთელი მისი ეკიპაჟი რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება.
პოლიციის ცნობით, მოკვლევის პერიოდში ხომალდი ტრომსის პორტის ნავმისადგომში იქნება გაჩერებული.
კაბელის დაზიანების დროს, პეტერბურგიდან მურმანსკისკენ მცურავი “სილვერ დანია” ინციდენტის ადგილის მახლობლად იყო. ხომალდი ლატვიის ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნით დააკავეს. პოლიცია იძიებს ინციდენტში ხომალდის შესაძლო მონაწილეობას.
ლატვიასა და შვედეთს შორის გადებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი 26 იანვარს გაწყდა. კაბელი, რომელიც დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეზე გადის, სახელმწიფო სააქციო საზოგადოება ლატვიის სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიის ცენტრს ეკუთვნის.
ბოლო თვეების განმავლობაში ბალტიის ზღვაში ორი სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკული კაბელი დაზიანდა (უკანასკნელი ინციდენტის გარდა). ამჟამად ფინეთშია დაკავებული კუკის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერი Eagle S-ი. გავრცელებული ინფორმაციით, ის ნაწილია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისა“, რომელსაც მოსკოვი იყენებს ნავთობის ექსპორტზე სანქციების გვერდის ავლის მიზნით. ითვლება, რომ სწორედ ამ გემის ღუზამ გაჭრა ესტონეთისა და ფინეთის დამაკავშირებელი კაბელი Estlink 2. ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი ამტკიცებდა, რომ კაბელის გაწყვეტა, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ მოწყობილი დივერსიაა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/kandelakigiorgi1-300x200.webp)