კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო თეატრი (დევნილობაში) მონაწილეობს ბერლინის ფესტივალში Into The Open. დავით საყვარელიძის სპექტაკლს, “იაკიში და პუპჩე”, მაყურებელი 30 იანვრის საღამოს ნახავს.
ღონისძიების ორგანიზატორებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა. დე ფაქტო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „მოცემული თეატრს არაფერი აკავშირებს აფხაზეთის რესპუბლიკასთან“. სოხუმში ამბობენ, რომ აფხაზური შემოქმედებითი კოლექტივები „მოკლებული არიან საზღვარგარეთ გამოსვლის შესაძლებლობას, მათ შორის, ე.წ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების სავიზო პოლიტიკისა და სხვადასხვა დონის საერთაშორისო ფორმატებიდან აფხაზი ხელოვანების მიზანმიმართული იზოლაციის გამო“.
სოციალურ ქსელებში აფხაზი მომხმარებლები წერენ, რომ „თეატრს სოხუმთან არაფერი აკავშირებს, აფხაზეთთან – მით უმეტეს“.
„ჩვენ სოხუმიდან ვართ და არაფერი ვიცით ამ ხალხზე“.
მათ ქართველმა მომხმარებლებმა უპასუხეს:
„სოხუმის თეატრმა მალე უნდა აღადგინოს მუშაობა აფხაზეთში რუსების დამარცხებისა და არაღიარებული დე ფაქტო სახელმწიფოს დაცემის შემდეგ, წარმატებები“.
სოხუმში, იმ შენობაში, სადაც ომამდე აფხაზურ და ქართულ ენებზე იდგმებოდა სპექტაკლები, ახალ სამსონ ჭანბას სახელობის „აფხაზეთის სახელმწიფო დრამატული თეატრია“ განთავსებული.
