სახალხო დამცველი თბილისში, „რიყის დოქების“ მიმდებარე ტერიტორიაზე 16 წლის ბიჭის დაღუპვას ეხმაურება და დროულ, საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს „შესაბამის ორგანოებს, ჩაატარონ დროული და საფუძვლიანი გამოძიება და დადგინდეს პასუხისმგებლობის საკითხი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით“.
ომბუდსმენის პრესცენტრის მიერ 29 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სახალხო დამცველის აპარატი „ყოველმხრივ შეისწავლის ამ ტრაგიკულ შემთხვევას“.
კერძოდ, აცხადებს, რომ შეისწავლის „როგორც უწყებების მიერ გატარებული შესაძლო პრევენციული/სარეაგირებო ზომების, ასევე, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას გატარებული ღონისძიებების თაობაზე და მიმართავს ყველა სათანადო ზომას“.
ომბუდსმენის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: „საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. ეს შემთხვევა მთელი საზოგადოების ტრაგედიაა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს“.
29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, „რიყის პარკის“ კერძო ტერიტორიაზე – „რიყის დოქებთან“ – 25 იანვარს დაიღუპა 16 წლის იოსებ ადეიშვილი.
ტერიტორია ამ დრომდე პოლიციის ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.
უცნობია, როგორ მოხვდა 16 წლის მოზარდი თანატოლებთან ერთად იმ ტერიტორიაზე, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდა.
„ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში“, – აცხადებენ თბილისის მერიაში და დასძენენ, რომ არასწორია ინფორმაცია 16 წლის ბიჭის „რიყის პარკში“ მდებარე ღია თხრილში ჩავარდნის შესახებ.
მოზარდის დაღუპვის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანის) მუხლით.
