„მედიის ადვოკატირების კოალიცია“: საზოგადოებრივი მაუწყებელი კონსტიტუციურ ვალდებულებას არღვევს

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი „ქართული ოცნების“ გავლენის გამო ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურ და სრულფასოვან გაშუქებას და შესაბამისად, ვერ ასრულებს კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ვალდებულებებს.
კოალიცია მაუწყებელს ფაქტების მიკერძოებულ გაშუქებაში ადანაშაულებს.
„მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობა უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავს “ქართული ოცნების” მიერ მიტაცებული ს, წამების, მასობრივი ძალადობის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებისა და პოლიტიკური პატიმრების გამო. ამ კრიტიკულ პერიოდში მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა მიზანმიმართულად უგულებელყოფს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებას და ცხადად წარმოაჩენს “ქართული ოცნების” მიმართ აშკარა მიკერძოებას“, – წერია განცხადებაში, რომელიც დღეს, 29 იანვარს, გამოქვეყნდა.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ არსებულ ვითარებაში აუცილებელია, თანამდებობა დატოვონ მაუწყებლის ხელმძღვანელმა პირებმა:
„აუცილებელია ცენზურის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და ჟურნალისტების პროფესიული დამოუკიდებლობის სრული უზრუნველყოფა. ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების, სამეურვეო საბჭოსა და თანამშრომელთა ნაწილის სამართლიანი მოთხოვნების სათანადო გათვალისწინება პროგრამული პოლიტიკის შემუშავებისას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მედიის თავისუფლებას, არამედ მთლიანად დემოკრატიულ პროცესს საქართველოში“.
დღესვე, 29 იანვარს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, თბილისში, კოსტავას N68-ში, აქცია იმართება – დემონსტრანტები თავისუფალ ეთერს მოითხოვენ.
ეს აქცია წინმსწრებად ზეწოლად შეაფასა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა. საბჭო ირწმუნება, რომ მაუწყებელი ცდილობს, მიუკერძოებლად გააშუქოს „მოქალაქეთა ერთი ნაწილის“ მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ და „მიუკერძოებლობა ხდება მის მიმართ უკმაყოფილების საფუძველი“.
იმის მიუხედავად, რომ სამეურვეო საბჭო არხის მიუკერძოებლობაზე საუბრობს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ანგარიშში წერია, რომ „პირველი არხი“ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების გაშუქებისას წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების მიმართ მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებდა“.
ფორუმი