მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს ულოცავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. იგი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის, რეგიონისა და ევროპისთვის ისტორიული მოვლენა და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
“მოლდოვა თქვენ გვერდით დგას ამ გზაზე, რადგან ერთად ვაყალიბებთ უფრო ძლიერ, უფრო გაერთიანებულ ევროპას”, – დაწერა მაია სანდუმ.
მოგვიანებით, მან კიდევ ერთი ტვიტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს:
“ჩვენ ერთად აღვნიშნავთ ისტორიულ ნაბიჯს ევროკავშირის წევრობისკენ, რომელიც დღეს ერთად გადავდგით. ევროკავშირის გაფართოება საუკეთესო ინვესტიციაა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. ეს არის გზა უკეთესი ცხოვრებისათვის კონტინენტზე ყველასთვის”.
14 დეკემბერს ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის მიწურულს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველოს მიანიჭეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.
“ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. საბჭომ მოიწვია კომისია, რათა მარტამდე მოამზადოს ანგარიში”.
ბრიუსელში 14 დეკემბერს დაიწყო ევროპული საბჭოს სამიტი, სადაც ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესში შემდგომ ნაბიჯებს. ასევე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის საკითხებს, უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს მინიჭებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო დათქმებით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.
ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე.
ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს.
ამჟამად ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ია, როდესაც ორიოდე წლის წინ 60%-ს აჭარბებდა. გაცილებით მაღალია მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლები.