„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აშშ-ში ვიზიტისას ადვოკატირებას უწევდა, რომ “ქართული ბიზნესსტრუქტურები” არ დაესანაქცირებინათ.
მისი თქმით, ამ ბიზნესმენების უკან უამრავი დასაქმებული ადამიანი დგას და მნიშვნელოვანია, რომ ისინი არ დაზარალდნენ.
ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ 28 იანვარს ისაუბრა.
„ჩვენ აშშ-ში არ ვიყავით ჩასულები იმისთვის, რომ ვიღაც დაასანქცირონ, ამას არც ვიკადრებთ. პირიქით, ადვოკატირებას ვუწევდი იმ ბიზნესსტრუქტურებს [რომლებიც შეიძლება დასასანქცირებელთა სიაში იყვნენ], პიროვნებებს კი არა, რომ ბიზნესი გადარჩეს. ჩვენ ახლა განპიროვნებულად ვლაპარაკობთ. შეიძლება ახლა ამის თქმა არაპოპულარულია, მაგრამ ათასობით ადამიანი მუშაობს და იმ ხალხზე უნდა ვიფიქროთ. მე არავის დასანქცირება არ მინდა, მაგრამ თუ ვინმეს დაასანქცირებენ, ისე არ უნდა მოხდეს, რომ კომპანიები ჩამოიშალოს. ამიტომ ეს ძალიან სათუთი თემაა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მას შემდეგ რაც ხაზარაძის ამ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა, მან Faceook-ზე თავის განცხადება განმარტა.
„მათთვის, ვინც ჩემს გუშინდელ ინტერვიუს უყურა და სხვაგვარი ინტერპრეტირება გააკეთა – ვიყავი და ვიქნები ქართული ბიზნესის მხარდამჭერი, მასზე დგას ქვეყნის ბიუჯეტი, სტაბილურობა და სამუშაო ადგილები. კონკრეტული ბიზნეს სტრუქტურების ხელმძღვანელების და მფლობელების დასანქცირება არანაირად არ უნდა აისახოს იმ ხალხზე, ვინც დასაქმებულია ამ კომპანიებში (ეს ვთქვი გუშინ). საუბარია ათობით ათას ადამიანზე, ეს ხალხი მუშაობს და ქმნის ყოველდღიურად დოვლათს, იღებენ გასამრჯელოს და არჩენენ ოჯახს.
სანქციებზე გადაწყვეტილებას იღებენ აშშ-ს შესაბამისი სტრუქტურები. რუსული რეჟიმის დამფინანსებლები, ანუ ძალადობის დამფინანსებლები უნდა დასანქცირდნენ, ეს პოზიცია გვქონდა და რჩება უცვლელი. აქვე, ჩემი რჩევა დასასანქცირებლად გამზადებულ ბიზნესმენებს – ნუ ჩაყვებით ბიძინას, ნუ ჩაიყოლებთ თქვენს თანამშრომლებს და ბიზნესპარტნიორებს ამ უბედურებაში.
როცა ჩემი და ბადრის წინააღმდეგ ბიძინამ და მისმა ყურმოჭრილმა პროკურატურამ შეტევა დაიწყო, საქმის აღძვრამდე ჩვენ დავტოვეთ ყველა ბიზნესსტრუქტურა და თანამდებობა, დავტოვეთ კომპანიები და ამით გადავარჩინეთ ათასობით თანაგუნდელის სამუშაო ადგილი, ჩვენი ბიზნესსპარტნიორები ბევრ პრობლემას და პროექტების დახურვას.
თქვენი დასანქცირება პირდაპირ ნიშნავს თქვენი კომპანიებისა და თანამშრომლებისთვის გამოუსწორებელ ზიანს. გაემიჯნეთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, გადაარჩინეთ ათასობით თქვენი თანამშრომელი სამუშაოს დაკარგვას. რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობას თავისი ფასი აქვს და მძიმე შედეგები მოჰყვება!“, – წერს ხაზარაძე.
