პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქტიურია.
როგორც პარტიაში აცხადებენ, პროკურატურამ მათ არ მისცა ვიდეომტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა.
„გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ ერთადერთი მიზნით: გვენახა საქმის მასალები და გავცნობოდით უმთავრეს მტკიცებულებას – ვიდეოჩანაწერებს. დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი ბათუმში ჩავიდა საქმის გასაცნობად. აღმოჩნდა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქტიურია. ვიდეომტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა პროკურატურამ არ მოგვცა ჩანაწერების ექსპერტიზაზე გაგზავნის ყალბი საბაბით მაშინ, როცა ასლები აქვთ. არ გადმოგვეცა უმნიშვნელოვანესი მოწმის – ზვიად ქორიძის გამოკითხვის ოქმი. ამასთან, გაირკვა, რომ თავდასხმიდან თითქმის 2 კვირის თავზე ფორმალურად გამოკითხულია მხოლოდ ერთი არაფრის მომცემი მოწმე.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თავდასხმა ივანიშვილის დაკვეთითაა ორგანიზებული და პროკურატურა ასრულებს ივანიშვილის დავალებას მტკიცებულებების განადგურებაზე და სიმართლის გაყალბებაზე.
უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების გადმოცემაზე უარი კიდევ ერთხელ მიუთითებს რეჟიმის მოტივაციაზე, გამორიცხოს ივანიშვილის როლი და მიჩქმალოს შეკვეთილი და ჩასაფრებით მოწყობილი თავდასხმის წინასწარ ორგანიზებული და ჯგუფური ხასიათი“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ექსპრემიერი გიორგი გახარია პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ეს ნიშნავს, რომ მას და მის ადვოკატებს წვდომა ექნებათ საქმის მასალებზე.
საქმე ეხება 14 იანვარს ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც თავს დაესხნენ გიორგი გახარიას. ის ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. გიორგი გახარიას დეპუტატის სტატუსი აქვს, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის გაცილებით მძიმე მუხლით და არც ძალადობით ჩადენილი პოლიტიკური დევნის მუხლით, როგორც ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში.
უკვე ორი კვირაა, გახარიას პარტია ითხოვს ვიდეოჩანაწერების ნახვის შესაძლებლობას. ისინი ვარაუდობენ, რომ გამოძიება ცდილობს მტკიცებულებები გაანადგუროს.
იმავე დღეს, იმავე სასტუმროში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელს, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. ეს უკანასკნელი პროკურატურამ დაზარალებულად 5 დღის წინ, 22 იანვარს ცნო.
როგორც ქორიძე ჰყვება, მას თავს დაესხნენ “ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე სხვა პირებთან ერთად. ქორიძეს დაზიანებები ჰქონდა სახის არეში.
ამავე თემაზე:
· „ოცნების“ მჩაგვრელი ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითი – მილერი გახარიაზე თავდასხმის შესახებ
· EU: შოკის მომგვრელია ცნობები „ოცნების“ პოლიტიკოსების მონაწილეობაზე გახარიაზე თავდასხმაში
· მდინარაძე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, გახარიას აქეთ წაუყენონ ბრალი
