ვროკავშირის ლიდერებმა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის არყოფნის დროს მიიღეს, რამაც მათ ვეტოს თავიდან აცილების საშუალება მისცა. ამის შესახებ ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, უკრაინული გამოცემის “ევროპეისკაია პრავდას” კორესპონდენტთან.
ევროპული საბჭოს რამდენიმე წარმომადგენელმა თქვა, რომ ორბანმა შეგნებულად დატოვა შეხვედრა უკრაინის შესახებ გადაწყვეტილების კენჭისყრის დროს.
„მთავარი ის არის, რომ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ამრიგად, ევროკავშირი დათანხმდა გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“, – განმარტა ევროკავშირის სტრუქტურებიდან ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ.
„სამართლებრივად ეს წესებთან აბსოლუტურ შეესაბამისობაშია. დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ორბანის გარეშე, მაგრამ არა მის ზურგს უკან. მან იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილებას კენჭი ეყრებოდა და ოთახი დატოვა“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის გუნდის წარმომადგენელმა.
თავად ორბანმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „უნგრეთს არ სურს მონაწილეობა მიიღოს ამ ცუდ გადაწყვეტილებაში და ამიტომ დღეს ამ გადაწყვეტილებისგან თავი შეიკავა“.
წყაროების თანახმად, ყველა სხვა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას – ამგვარად, გადაწყვეტილებას მიემხო 26 წევრი , ერთმა კი თავი შეიკავა. მანამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებას.
უკრაინამ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე 2022 წლის 28 თებერვალს შეიტანა .უკრაინამ, მოლდოვასთან ერთად, კანდიდატის სტატუსი 2022 წლის 23 ივნისს მიიღო.
ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ევროკომისია, შემდგომი შეუფერხებლად დაიწყებს უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების ტექნიკური ასპექტების მომზადებას (ე.წ. მოლაპარაკებების ჩარჩო), იუწყება “უკრაინსკაია პრავდა”. ის შეიძლება დამტკიცდეს 2024 წლის გაზაფხულზე ევროკავშირის მომდევნო სამიტზე, თუ აღიარებენ, რომ უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის ყველა წინა კრიტერიუმი.
სამიტის დაწყების წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპელ ლიდერებს მიმართა და მოუწოდა, მწვანე შუქი აუნთონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას კიევთან. ზელენსკიმ მათ უთხრა, რომ კენჭისყრის უარყოფითი შედეგი “უღალატებს” უკრაინელთა ევროპულ ოცნებებს და გააძლიერებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას.’