საზმაუს სამერვეო საბჭო: მოქალაქეთა ნაწილი საზმაუზე საკუთარი დიქტატის დამყარებას ცდილობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ “მოქალაქეთა ერთი ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე საკუთარი დიქტატის დამყარებას ცდილობს”.
განცხადებით საბჭო ეხმაურება 29 იანვარს პირველ არხთან დაგეგმილ აქციას, რომლის მოთხოვნა სახალხო ეთერია.
“საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ იმის გამო, რომ ცალკეული ლიდერები და აქტივისტები მიმართავენ აქციის მონაწილეებს, თითქოს დღესდღეობით ქვეყანაში საზმაუსთვის ბრძოლა მიმდინარეობდეს და მოუწოდებენ მათ, რომ 29 იანვარს შეიკრიბონ და გაიმარჯვონ საზმაუზე, რაც თურმე სტრატეგიული გამარჯვება იქნება ხელახალი ს მოსაპოვებლად.
ვფიქრობთ, ამგვარი მოწოდებების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, ვინაიდან, თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ ემოციურ ფონს, ზოგიერთებმა შეიძლება მართლაც დაიჯერონ, რომ საზმაუზე “გამარჯვება” სტრატეგიული წარმატების საწინდარი იქნება, არადა, ამგვარ მოწოდებას, შეიძლება, გაუთვალისწინებელი ქმედებები და მძიმე შედეგები მოჰყვეს” – ნათქვამია განცხადებაში.
საზმაუს ბორდის წევრები ირწმუნებიან, რომ საზოგადოების პროტესტს გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშრებით “ფართოს და ამომწურავად აშუქებს” და ცდილობს, ” მიუკერძოებლად მოუთხროს მაყურებელს განვითარებული მოვლენების შესახებ”.
“ამ ვითარებით სარგებლობს მოქალაქეთა ერთი ნაწილი (რომელთა შორისაც განსაკუთრებით აქტიურობენ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული კერძო ტელევიზიების თანამშრომლები) და საზოგადოებრივ მაუწყებელზე საკუთარი დიქტატის დამყარებას ცდილობს. სულ უფრო დაჟინებით ამკვიდრებენ აზრს, რომ ახალი არჩევნების დანიშვნისთვის აუცილებელია სრული კონტროლი მოიპოვონ საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ამ მიზნით საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარეობს მძიმე ბულინგისა და მუქარის კამპანია”- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილია კონსტიტუციითა და კანონით და მის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა დაუშვებელია, ისევე როგორც მიუღებელია, მაუწყებელს ვინმე კარნახობდეს, ვინ მიიწვიოს სტუმრად”.
“გახშირდა მოწოდებები საზმაუზე გამარჯვების მოპოვების და მენეჯმენტის შეცვლის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და მედიაზე უხეში ზეწოლის ფორმას იძენს” – აღნიშნავენ ბორდის წევრები განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ “ამ პროცესს არ იმჩნევენ არც პოლიტიკური პარტიები, არც ინტერესთა ჯგუფები და არც საერთაშორისო ორგანიზაციები, რაც კიდევ უფრო ახალისებს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ კამპანიას”.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო მოუწოდებს ყველა მხარეს, რომ მაუწყებელთან ბრძოლის ნაცვლად, განაგრძონ თავიანთი მსოფლმხედველობის საჯარო სივრცეში დამკვიდრება და საზოგადოების დანარჩენი წევრების დარწმუნება თავიანთი იდეების ჭეშმარიტებაში, ხოლო საზოგადოებრივ ტელევიზიას დაუტოვონ უფლება და საშუალება, მაყურებლამდე მიიტანოს ეს პროცესი.
განცხადებას ხელს აწერენ: თამილა დოლიძე, გიორგი იაკობაშვილი, გიორგი კოხრეიძე, , გრიგოლ მურღულია, ბონდო მძინარაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სრული განცხადება.
29 იანვარს საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქციაა დაანონსებული.

ორგანიზატორების თქმით, უკვე ორი თვეა, ყოველდღიურად იკრიბებიან ტელევიზიასთან და ითხოვენ, პირველმა არხმა შეასრულოს მისი უმთავრესი ფუნქცია – კანონით ნაკისრი ვალდებულება, დროულად და ობიექტურად მიაწოდოს საქართველოს საზოგადოებას ინფორმაცია.

აქციის ორგანიზატორები სახალხო ეთერთან ერთად პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.