ჟურნალისტი ნიკოლოზ კაცია, მოსამართლე ნინო თარაშვილმა პატიმრობაში დატოვა, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხი დღევანდელ, 23 იანვრის სასამართლო სხდომაზე გადაიხედა.
კაცია 2024 წლის 7 დეკემბერს, საღამოს საათებში სახლიდან აქციისკენ მიმავალი ტაქსიში დააკავეს. მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება, რადგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან.
“გაუგებარია ყველაფერი, არ ვცნობ თავს დამნაშავედ”, – თქვა ნიკოლოზ კაციამ სასამართლო სხდომაზე.
ადვოკატი ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობას და საქმის შეწყვეტას მოითხოვდა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ჩხრეკა უკანონოდ ჩატარდა, პროცესს არ ესწრებოდა ნეიტრალური პირი და არ არის გადაღებული ჩხრეკის პროცესი და ასევე მოპოვებული არაა სხვა მტკიცებულება გარდა ჩხრეკის დროს ამოღებისა, მაგალითად შეძენა.
მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროფესიით ჟურნალისტი ნიკა კაცია წლებია რეპორტიორად აღარ მუშაობდა, ბოლოს თანამშრომლობდა კოალიციასთან „ცვლილებისთვის“ და ჩართული იყო მათი საარჩევნო კამპანიების დაგეგმვაში.
„დაკავებისას მექცეოდნენ დამცინავად, ბილწსიტყვაობდნენ. თავიდან მეგონა, რომ ბანდფორმირება დამესხა თავს. მერე იმ შენობაში წამიყვანეს, რომელსაც კრიმპოლის სახელით ვიცნობთ. ენის ბორძიკი დამეწყო ნერვიულობისგან, ამაზეც დამცინოდნენ. აქამდე მე ენის ბორძიკი არასდროს მქონია.
“შენ მაგარი ნაბოზარი ხარ, შენ მაგარი შენძრეული ბიჭი ხარო” – მეუბნებოდნენ”, – თქვა ნიკოლოზ კაციამ 2024 წლის 9 დეკემბრის სხდომაზე, რომელზეც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
საქმის არსებითი განხილვა 3 თებერვალს 11 საათს გაგრძელდება.