ბაჩიაშვილი აქვეყნებს წერილს, სადაც მისი თქმით, ივანიშვილი ბიტკოინებს ითხოვს

ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყების შემდეგ ივანიშვილი მისგან ბიტკოინების გამოძალვას ცდილობდა.
ამის შესახებ ბაჩიაშვილმა დღეს, 23 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა.
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 2023 წლის ივლისში დაიწყო. საქმე ეხება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.
ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს. როგორც ის ამბობს, სისხლის სამართლის დევნის დაწყების შემდეგ მის ადვოკატს ივანიშვილის წარმომადგენელმა წერილი მისწერა, სადაც მისგან დიდი ოდენობის თანხის ბიტკოინებს ითხოვდა, რაზეც მან უარი განუცხადა.
„ივანიშვილი პირდაპირ აგრძელებს გამოძალვას, როდესაც სისხლის სამართლის პასუხისგების მუქარის ქვეშ, ადამიანს სთხოვ დიდძალი ოდენობის თანხის გადახდას. მათ შორის, ეს იყო 5 ათასი ბიტკოინის მოთხოვნა წინა შემოდგომას და ე.წ. კრიმინალური „შოჩიკი“, რომ ყოველ თვეში ეს გადასახდელი თანხა გაიზრდებოდა 500 ბიტკოინით. რა თქმა უნდა, მე ამას არ დავთანხმდი და არც დავთანხმდებოდი არცერთ შემთხვევაში.
[შუამავალი] იყო მისი წარმომადგენელი, რომელმაც ეს შეთავაზება ჩემს ადვოკატს ოფიციალურად გაუგზავნა ტელეფონის მეშვეობით. შუამავალი არ არის იურისტი, არ აქვს სისხლის სამართლის ლიცენზია და შესაბამისად, ის არის ივანიშვილის ჩვეულებრივი წარმომადგენელი ანუ მისი ნდობით აღჭურვილი პირი. ეს არ ყოფილა ადვოკატის მიერ გადმოცემული“, – განუცხადა ბაჩიაშვილმა „ტვ პირველს“.
სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ ბაჩიაშვილმა ივანიშვილის მიერ მისთვის გაგზავნილი წერილი გამოაქვეყნა.
„დღეს გაიმართა ივანიშვილის მიერ დადგმული და მისი მორჩილი პროკურატურის და სასამართლოს შესრულებული სასამართლო სხდომა. ეს პროცესი არის აბსოლუტური პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანის მხრიდან ანგარიშსწორების და დიდძალი თანხის გამოძალვის მცდელობა. ნიშანდობლივია როდესაც ს სასარგებლოდ დემოკრატიის უკუსვლისთვის დასანქცირებული ადამიანი, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქცირებული პროკურორის მეშვეობით ასამართლებს ადამიანს კორუფციისათვის დასანქცირებული სასამართლოს პირობებში. ეს არის მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყოს სამართლებრივი სახელმწიფო.
ქვემოთ მოყვანილია ის წერილი რომელიც ივანიშვილმა გამომიგზავნა. 90’იანებში ამას „კრიმინალური შოჩიკი“ ეწოდებოდა“, – დაწერა Facebook-ზე ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილის თანახმად, ივანიშვილმა მას შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა:
„როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის 27 მარტს დანიშნულია წინასასამართლო სხდომა, სადაც მათ შორის წყდება არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხი. შესაბამისად, ამ ეტაპამდე, დაზარალებული მხარე თანახმაა, რომ მიიღოს ბრალის დადგენილებაში საბოლოოდ ასახული ბიტკოინების რაოდენობის 60%; არსებულ შეთავაზებაზე უარის თქმის, პასუხის გაცემის გაჭიანურების შემთხვევაში, შეთავაზების გაკეთებიდან ყოველ მომდევნო თვეს (ამ შემთხვევაში 2024 წლის 1 აპრილიდან), დაზარალებულისათვის გადასაცემი ბიტკოინების რაოდენობა გაიზრდება 5%-ით. მაგალითად, აპრილის თვიდან, ნაცვლად 60 %-ისა მისაღები იქნება ბიტკოინების სრული რაოდენობის მინიმუმ 65%-ის გადაცემა, მაისის თვიდან 70%-ის გადაცემა და ა.შ. დაზარალებული მხარის პოზიციის აშკარა მართებულობის გათვალისწინებით, ჩვენი ვარაუდით, სასამართლომ წლის ბოლომდე უნდა მოახერხოს საქმის განხილვა და აღნიშნული პერიოდის გასვლისას, შეთავაზების მიუღებლობის შემთხვევაში, ბრალდებულ მხარეს ამოწურული ექნება ყოველგვარი დისკონტის მიღების შესაძლებლობა; თუკი ბრალდებული მიიჩნევს, რომ იგი მოახერხებს მითვისებული კრიპტოვალუტის რაიმე ფორმით განკარგვას და აღნიშნულით რაიმე სარგებლის მიღებას, მისი აღნიშნული მცდელობა ფუჭი იქნება, ვინაიდან დაზარალებული მხარე გამოიყენებს ყველა არსებულ ბერკეტს აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად;
გთხოვთ, გვაცნობეთ თქვენი პოზიცია წინამდებარე შეთავაზებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ წერილში, რომელიც მისი თქმით ივანიშვილის წარმომადგენელმა გაიუგზავნა.