ცხინვალში, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული პირის მეუღლის ინფორმაციით, ალექსი მამულია თავს კარგად გრძნობს და მის მიმართ ზეწოლას და ცუდად მოპყრობას ადგილი არ ჰქონია

ცხინვალში, უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ერთ-ერთი პირის მეუღლის, ნინო ჯმუხაძის ინფორმაციით, ალექსი მამულია თავს კარგად გრძნობს და მის მიმართ არანაირ ზეწოლას და ცუდად მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, გათავისუფლებულები რამდენიმე საათში იქნებიან ოჯახში.
„უკვე გათავისუფლებულია, კომუნიკაცია გვქონდა, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და სულ რაღაც რამდენიმე საათში იქნება ოჯახში შვილებთან ერთად. გათავისუფლებაში ჩართული იყო სახელმწიფოს სტრუქტურების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტრო. ყველა უწყების კოორდინირებულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და ჩემ მამიდაშვილთან ერთად დღეს ჩემი მეუღლე თავისუფალია, უბრუნდებიან ოჯახებს, ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
კარგად გრძნობს თავს, გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ მიმართ არანაირ ზეწოლას და ცუდად მოპყრობას ადგილი არ ჰქონია“,- განაცხადა ნინო ჯმუხაძემ.
ინფორმაციისათვის, ს საოკუპაციო ძალების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.
სუს-ის ინფორმაციით, ალექსი მამულიას და ივანე ჯაფიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.