სავარაუდოდ, თუ როგორი საშინაო და საგარეო პოლიტიკა ექნება აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს „ინტერპრესნიუსი“ ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, თენგიზ ფხალაძე ესაუბრა.
– ბატონო თენგიზ, ტრამპის ინაუგურაციას პოლიტიკით დაინტერესებული მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს ამერიკაში და მთელ მსოფლიოში.
ტრამპის გაპრეზიდენტებით საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი სიხარულსა და ემოციებს არ მალავს, მაგრამ, არის საკმაოდ ბევრი ადამიანი, რომ ტრამპის მეორე ვადით გაპრეზიდენტებას გარკვეული შიშითა და სიფრთხილით ადევნებს თვალს.
აშშ-ს პოლიტიკურ ძალებს შორის უმძაფრესი დაპირისპირების მიუხედავად ტრამპის ინაუგურაციით აშშ-ს პოლიტიკურმა კლასმა, მხედველობაში მაქვს ძალაუფლების გადაბარების კულტურა, შესანიშნავი მაგალითი მისცა ბევრ ქვეყნებს.
ახლა როცა ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციის თემაზე უამრავმა ადამიანმა გამოთქვა თავისი დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თვლის რომ ტრამპის მოსვლით ამერიკისთვის „ოქროს ხანა“ დაიწყება, დროა ჩვენ იმაზე ვიმსჯელოთ თუ რა თქვა ტრამპმა ინაუგურაციაზე და რეალურად ის რის გაკეთებას აპირებს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში?
– გეთანხმებით, რომ ამერიკაში ხელისუფლების გადაბარების კულტურა მართლაც სამაგალითოა, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის უდავოდ საშურია. ტრამპის ინაუგურაციას, არამხოლოდ ჯო ბაიდენი, არამედ ყველა სხვა ექს-პრეზიდენტი ესწრებოდა. იმედია ამ სურათს ოდესმე საქართველოშიც ვიხილავთ.
რაც შეეხება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას, მოლოდინები ისეთივე წინააღმდეგობრივია, როგორც მისი პიროვნებისადმი დამოკიდებულება. ნაწილი მას ერთგვარ მხსნელად აღიქვამს, ნაწილი კი – გამოწვევად. იქნება თუ არა ამერიკისთვის ახალი „ოქროს ხანა“, ამაზე შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ და არა წინასწარი განცხადებებით.
ამერიკაში ხელისუფლების გადაბარების კულტურა მართლაც სამაგალითოა, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის უდავოდ საშურია. ტრამპის ინაუგურაციას, არამხოლოდ ჯო ბაიდენი, არამედ ყველა სხვა ექს-პრეზიდენტი ესწრებოდა. იმედია ამ სურათს ოდესმე საქართველოშიც ვიხილავთ
ამ მომენტისათვის რაც დარწმუნებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ტრამპს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. მას უნდა, მისი სახელი ამერიკის ლეგენდარულ ლიდერებს შორის მოიხსენიებოდეს. ამასთანავე, ეს მისთვის ბოლო საპრეზიდენტო ვადაა და ყველაფერს გააკეთებს, რომ ის მემკვიდრეობა დატოვოს, რაც მის პიროვნებას დიდებას მოუტანს.
ასევე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მეტ სიცხადეს უნდა ველოდეთ აშშ-ს როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში. ტრამპი ის პოლიტიკოსია, რომელიც ბუნდოვანებისთვის სივრცეს ფაქტობრივად არ ტოვებს. მას ახასიათებს მკაფიო გადაწყვეტილებები და ხშირად საკმაოდ ხისტიც.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მეტ სიცხადეს უნდა ველოდეთ აშშ-ს როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში. ტრამპი ის პოლიტიკოსია, რომელიც ბუნდოვანებისთვის სივრცეს ფაქტობრივად არ ტოვებს. მას ახასიათებს მკაფიო გადაწყვეტილებები და ხშირად საკმაოდ ხისტიც
ზოგადად კი, ტრამპის სამომავლო გეგმები სრულ ჰარმონიაშია მისი ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადაში გაცხადებულ პრიორიტეტებთან როგორ საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით. ინაუგურაციაზე მან საკმაოდ მკაფიოდ ისაუბრა მათ შესახებ.
ცხადია, რომ გაძლიერდება კონსერვატიზმი და ეს შეეხება როგორც სოციალურ და მიგრაციულ პოლიტიკას, ასევე სხვა სფეროებს. ტრამპს ჯერ კიდევ პირველ საპრეზიდენტო ვადაში ჰქონდა გაცხადებული ბიუროკრატიის გაჯანსაღება, თუმცა ვერ გეტყვით, რომ მაშინ ის წარმატებული იყო ამ საკითხში.
ახლა კი ვხედავთ, რომ სპეციალური დეპარტამენტი იქმნება ელონ მასკის ხელმძღვანელობით, რომელიც სწორედ სახელმწიფო ბიუროკრატიის ეფექტურობას შეისწავლის. დიდი ყურადღება დაეთმობა თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლას, მათ შორის ქვეყნის გარეთ.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ინოვაციები და კოსმოსის ათვისების პროგრამა. უქმდება ის შეზღუდვები, რაც დაკავშირებული იყო ეკოლოგიასა და კლიმატის ცვლილებებთან, განსაკუთრებით საყურადღებოა ენერგეტიკული სექტორი, სიახლეებია მოსალოდნელი ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში, საგადასახადო სისტემაში და ა.შ.ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და ალბათ არც არის საჭირო, საინაუგურაციო სიტყვა ხელმისაწვდომია და ყველა დაინტერესებულს შეუძლია მისი ნახვა.
ცხადია, რომ გაძლიერდება კონსერვატიზმი და ეს შეეხება როგორც სოციალურ და მიგრაციულ პოლიტიკას… სპეციალური დეპარტამენტი იქმნება ელონ მასკის ხელმძღვანელობით, რომელიც სწორედ სახელმწიფო ბიუროკრატიის ეფექტურობას შეისწავლის. დიდი ყურადღება დაეთმობა თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლას, მათ შორის ქვეყნის გარეთ
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. ამ მხრივ ხაზგასმით დასახელდა რამდენიმე მიმართულება. ეს გახლავთ მეზობლებთან ურთიერთობ. უპირველეს ყოვლისა მექსიკა და კუბა, ასევე უაღრესად საყურადღებოა პანამის საკითხი, ჩინეთი, ურთიერთობები ევროპელ პარტნიორებთან, ახლო აღმოსავლეთი, ტერორიზმთან ბრძოლა, საერთაშორისო კონფლიქტები და რუსეთი.
ცხადია, ყველა დეტალზე საინაუგურაციო სიტყვაში საუბარი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, მაგრამ ეს გახლავთ ის საკითხები, რაზედაც გვმართებს ყურადღების გამახვილება.
– ტრამპმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით რამდენიმე ბრძანებულებას მოაწერა ხელი – კუბა კვლავ გამოცხადდა ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ. შესაბამისად, აშშ-ს ფოკუსი თავის სამეზობლოში კონტროლის დაბრუნებაზე იქნება მიმართული. აშშ-მ დასავლეთ ნაპირზე (პალესტინა) ებრაული ახალშენების დაარსებიდან გამომდინარე დაწესებული სანქციები მოუხსნა ისრაელს. ეს კი საბოლოო მოლაპარაკებებს კიდევ უფრო გაართულებს, მაგრამ ვარაუდი რომ ტრამპი გარდა ამისა, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დატოვებას იწყებს. ტრამპი ორგანიზაციას ჩინეთის სასარგებლო მოქმედებებში ადანაშაულებდა.
აშშ მარსზე ასტრონავტების გაგზავნისათვის იწყებს მზადებას. ეს სამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ: 1. ახალი კოსმოსური შეჯიბრის დასაწყისი აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს შორის; 2. პოტენციური რესურსების ძიების მცდელობა დედამიწის მიღმა; 3. ილონ მასკის ტრამპის ადმინისტრაციაში ყოფნა რომელსაც თავისი ინტერესები და კოსმოსური პროგრამა აქვს.
ტრამპი გამოვიდა პარიზის გარემოც დაცვის შეთანხმებიდან, რაც აშშ-ს შიდა ინდუსტრიალიზაციის ხელშესაწყობად სჭირდება, თუმცა გლობალურად კლიმატის ცვლილებებისადმი კონტროლსა და მწვანე პოლიტიკის მნიშვნელობას ამცირებს ამით.
ტრამპის საგარეო პრიორიტეტები კიდევ ბევრია. ამით დავიწოთ და სხვა თემებით შემდეგ გავაგრძელოთ. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ თემებზე ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე გაკეთებულ განცხადებებს?
– ამას შეფასება თავად დონალდ ტრამპმა მისცა, როდესაც განაცხადა, რომ ამერიკას ყველგან პირველ ადგილას დააყენებს – “I will put America first”. მეზობლებთან ურთიერთობების კონტექსტში ესაა საზღვარზე კონტროლის გამკაცრება და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა, ბრძოლა დანაშაულებრივ-კრიმინალურ ორგანიზაციებთან მათ შორის ქვეყნის გარეთ, ნარკოკარტელების ტერორისტულ ორგანიზაციებთან გათანაბრება, არადემოკრატიულ-არამეგობრულ ქვეყნებზე წნეხის გაძლიერება (კუბა, ვენესუელა) და აშშ-თვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვა არამეგობრული ქვეყნის გავლენებისგან (პანამის არხი).
ყოველივე ეს სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება და ამ მიმართებით ტრამპი საკმაოდ ხისტი და შეუვალი იქნება.
რაც შეეხება თქვენს მიერ ხსენებულ მეორე თემას – ტრამპს ისრაელთან დაკავშირებით ყოველთვის მკვეთრი მხარდაჭერის პოლიტიკა ჰქონდა და ეს მომავალშიაც გაგრძელდება. შესაბამისად, ამ პოლიტიკას ზეგავლენა ექნება არამხოლოდ ამერიკა-ისრაელის ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ სხვა სახელმწიფოებზეც და უპირველეს ყოვლისა ირანზე. რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, მათ შორის სირიაში ასადის რეჟიმის დასრულების გათვალისწინებით, ამერიკის როლი ახლო აღმოსავლეთში კიდევ გაიზრდება და გაძლიერდება.
ტრამპს ისრაელთან დაკავშირებით ყოველთვის მკვეთრი მხარდაჭერის პოლიტიკა ჰქონდა და ეს მომავალშიაც გაგრძელდება. შესაბამისად, ამ პოლიტიკას ზეგავლენა ექნება არამხოლოდ ამერიკა-ისრაელის ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ სხვა სახელმწიფოებზეც და უპირველეს ყოვლისა ირანზე
კოსმოსთან დაკავშირებით გეტყვით, რომ აშშ-ს ისედაც დიდი უპირატესობა აქვს ჩინეთთან და რუსეთთან მიმართებაში. ვფიქრობ, რომ ტრამპისა და მასკის თანამშრომლობით ეს უპირატესობა საგრძნობლად გაიზრდება.
ცხადია ამას ზეგავლენა ექნება არამხოლოდ სამეცნიერო-ტექნოლოგიური თუ რესურსების ათვისების თვალსაზრისით, არამედ თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კუთხითაც. წარმატების შემთხვევაში ეს საგრძნობლად გააძლიერებს აშშ-ს პოზიციებს ორივე სახელმწიფოსთან ურთიერთობაში.
რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და პარიზის შეთანხმებიდან გასვლას, ამ საკითხებზე ტრამპის პოზიცია ცნობილია და სიახლეს არ წარმოადგენს. აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი არასოდეს გამოირჩეოდა ლოიალობით არც კლიმატის ცვლილებებისადმი და არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისადმი. ეს სწორედ იმ საკითხებს განეკუთვნება, რისთვისაც ტრამპს ბევრი აკრიტიკებენ. ამასთანავე გეტყვით, რომ აშშ დემოკრატიულია და ის ერთპიროვნულად არ იმართება.
პრეზიდენტის უფლებები დიდია, მაგრამ მის გადაწყვეტილებებს ხშირ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს მხარდაჭერაც სჭირდება. ასევე შესაძლებელია პრეზიდენტის გადაწყვეტილებების გასაჩივრებაც. სასამართლოს უსიტყვო ლოიალობა კი აშშ-ს არც ერთ თანამდებობის პირს, მათ შორის არც პრეზიდენტს არ აქვს.
შესაძლებელია პრეზიდენტის გადაწყვეტილებების გასაჩივრებაც. სასამართლოს უსიტყვო ლოიალობა კი აშშ-ს არც ერთ თანამდებობის პირს, მათ შორის არც პრეზიდენტს არ აქვს… სწორედ ეს გახლავთ ამერიკის სიძლიერე, რომ იქ ხელისუფლების ბალანსის პრინციპი მხოლოდ თეორიული ცნება არ არის და რეალურად მოქმედებს
ცნობისათვის გეტყვით, რომ ნიუ-ჰემპშირის სასამართლოში გუშინ უკვე შევიდა პირველი სარჩელი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, რაც უკავშირდება გადაწყვეტილებას გარკვეული კატეგორიის ემიგრანტთა ბავშვებისთვის მოქალაქეობის გაუქმების შესახებ. ასეთი წინააღმდეგობები ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც არაერთი იყო და მათგან არა ერთი დასრულებულა პრეზიდენტის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებით.
სწორედ ეს გახლავთ ამერიკის სიძლიერე, რომ იქ ხელისუფლების ბალანსის პრინციპი მხოლოდ თეორიული ცნება არ არის და რეალურად მოქმედებს.
– ტრამპმა განაცხადა რომ უკრაინის პრეზიდენტს მოლაპარაკებებისათვის მზაობა და სურვილი აქვს. ცხადია ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის იძულებაც უნდა შეიქმნას მოლაპარაკებების წარმართვისათვის.
რუსული პრესა თავის მკითხველს და გარკვეულ წილად ჩვენც მოგვიწოდებს, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არ გვქონდეს. რუსეთის ნებისმიერ მოლაპარაკებაზე იძულება კი უკრაინისათვის იარაღის მიწოდების გარეშე ვერ მოხდება.
აშშ-რუსეთის ურთიერთობების თემაზე ექსპრეზიდენტმა მედვედევმა თქვა, რომ, მას არ ადარდებს აშშ-ს ადმინისტრაცია რას იზამს, რუსეთს შეიძლება სულაც არ სჭირდებოდეს აშშ-თან ურთიერთობის აღდგენაო.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ პუტინი უკრაინის თემაზე არანაირ დათმობებზე წასვლას არ აპირებს. როგორც ჩანს, უკრაინა-რუსეთის თემებზე ვაშინგტონის საბოლოო პოზიციების ჩამოყალიბების თვალსაზრისით, ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა. . .
– ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩამოთვლილი განცხადებების ნაწილი თავად რუსეთის შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი, ტრამპს ნაკლებად აინტერესებს მედვედევის და სხვათა რიტორიკა, აქ გაცილებით საყურადღებოა თავად პუტინის მიერ უშიშროების საბჭოს მოწვევა და იქ მის მიერვე გაკეთებული განცხადება რომ ის ღიაა საუბრისთვის.
ამის შემდგომ თავად ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინის ინტერესებშია დაასრულოს ომი, რადგან სხვა შემთხვევაში რუსეთი უმძიმეს დღეში აღმოჩნდება. რამდენიმე საათის შემდეგ კი კრემლმა გაავრცელა პასუხი, რომ მათ ჯერ არ მიუღიათ წინადადებები ომის დასრულებასთან დაკავშირებით, თუმცა მზად არიან სერიოზული დიალოგისთვის.
ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინის ინტერესებშია დაასრულოს ომი, რადგან სხვა შემთხვევაში რუსეთი უმძიმეს დღეში აღმოჩნდება. რამდენიმე საათის შემდეგ კი კრემლმა გაავრცელა პასუხი, რომ მათ ჯერ არ მიუღიათ წინადადებები ომის დასრულებასთან დაკავშირებით, თუმცა მზად არიან სერიოზული დიალოგისთვის
ცხადია, ეს რიტორიკა საქმის მხოლოდ ერთი მხარეა, თუმცა განცხადებები და ინტონაციები ბევრ რამეზე მეტყველებს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ტრამპმა პირველი შეხვედრა არა რუსეთთან, არამედ სი ძინპინთან დააანონსა და ამით, სხვა საკითხებთან ერთად იმაზეც მიანიშნა, რომ მის იერარქიაში ჩინეთს უპირატესი ადგილი აქვს რუსეთთან შედარებით.
მას უკვე ჰქონდა სატელეფონო საუბარი ჩინეთის ლიდერთან და მომავალი შეხვედრის თემატური კონტურებიც გამოიკვეთა. აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში გარკვეული პროგრესის შემთხვევაში, ტრამპი კიდევ უფრო ძლიერი პოზიციიდან შეძლებს რუსეთთან დალაპარაკებას.
შეერთებული შტატები ჩინეთისთვის უაღრესად ანგარიშგასაწევი ძალაა. სწორედ აშშ-ს ბოლო სანქციების ფონზე ჩინეთმა შეწყვიტა რუსული ტანკერების მომსახურება, რაც რუსული ნავთობის გადაზიდვისთვის დიდი დარტყმაა.
შეერთებული შტატები ჩინეთისთვის უაღრესად ანგარიშგასაწევი ძალაა. სწორედ აშშ-ს ბოლო სანქციების ფონზე ჩინეთმა შეწყვიტა რუსული ტანკერების მომსახურება, რაც რუსული ნავთობის გადაზიდვისთვის დიდი დარტყმაა
ამასთანავე ტრამპმა ორი მნიშვნელოვანი ინიციატივა დააანონსა, რასაც მძიმე შედეგი ექნება რუსეთისთვის. პირველი გახლავთ ენერგორესურსებზე ფასების შემცირება და მეორე რუსეთისთვის არამხოლოდ სანქციების, არამედ გაზრდილი ტარიფების შესაძლო დაწესებაც. განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული უმძიმესი დარტყმა იქნება პუტინის და კრემლის ეკონომიკისათვის. იმავდროულად იცით, რომ უკვე შედგა საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან. ტრამპი გაცნობილია ომის დამთავრების უკრაინულ ვარიანტს და ცოტა ხანში მისი წარმომადგენელიც ჩავა კიევში. წინ მნიშვნელოვანი პროცესები გველის.
უკვე შედგა საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან. ტრამპი გაცნობილია ომის დამთავრების უკრაინულ ვარიანტს და ცოტა ხანში მისი წარმომადგენელიც ჩავა კიევში. წინ მნიშვნელოვანი პროცესები გველის
ერთი რამ, რაც დღეს შეიძლება ითქვას, რომ მხარეები სამომავლო მოლაპარაკებებისათვის პოზიციების გაძლიერებას ცდილობენ, ამ პროცესზე ბევრად იქნება დამოკიდებული შეხვედრის დროც და პირობებიც.
– თეთრ სახლში ტრამპის მოსვლას ევროკავშირში კარგა ხანია ფრთხილად ეკიდებიან, ასევე ევროკავშირის სასწრაფო რეფორმების და ხელახალი მილიტარიზაციის აუცილებლობას ხედავენ.
ასეთ განწყობებს ევროპელი პოლიტიკოსების უმრავლესობაში ისიც უწყობს ხელს, რომ ტრამპი პუტინთან შეხვედრაზე მშვიდობის მიღწევას შეეცდება, მაგრამ, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის პოზიციების გაუთვალისწინებლად.
ბრიუსელში ასევე ხვდებიან რომ ევროკავშირის მილიტარიზაცია აუცილებელია, მაგრამ, ევროკავშირში ბიუროკრატიული მექანიზმების პირობებში ამის განხორციელება ძნელია, მაგრამ, აუცილებელია, რადგან რუსეთი მხოლოდ უკრაინისთვის კი არა, არამედ ევროპისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს.
ცალკე საუბრის თემაა, ნატოს საკითხებში ტრამპის პოზიციები. როგორც ჩანს, ამ თემაზე აშშ-ს პოზიციები ჯერ ბოლომდე გარკვეული არაა. ერთადერთი რაც ვიცით, ისაა, რომ ტრამპი ნატოში მოკავშირეებს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას მოითხოვს.
როგორც ჩანს, სწორედ ამიტომაცაა, რომ ევროპაში გააქტიურებულია რეგიონული უსაფრთხოების სისტემების შექმნის იდეა. გვახსოვს, ამ თემას ლობირებდა ბრიტანეთი.
ამ უმნიშვნელოვანეს თემებზე ტრამპის პოზიციების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები?
– არ მგონია, რომ ტრამპი პუტინთან შეთანხმებას პარტნიორთა პოზიციის გაუთვალისწინებლად ცდილობდეს. ასე რომ იყოს რუსეთისთვის შეთანხმება ძალიან ადვილად მიღწევადი იქნებოდა. ამავდროულად ევროპულ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში არის რამდენიმე საკითხი, რაც ტრამპის ადმინისტრაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს გახლავთ ერთის მხრივ სამხედრო და უსაფრთხოების საკითხები. ტრამპი მიიჩნევს, რომ საკუთარი თავდაცვისთვის ევროპის ქვეყნებმა მეტი უნდა გაიღონ და გაზარდონ საკუთარი კონტრიბუცია ევროპის უსაფრთხოებისთვის და მეორე, ტრამპისთვის მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი პირობები, რომლის მიღწევასაც ის შეეცდება ამერიკული კომპანიებისთვის.
ეს საკმაოდ რთული თემაა, რადგან ევროპას და არა მხოლოდ ევროკავშირს საკუთარი რეგულაციები და სტანდარტები აქვს, რაც ყოველთვის არ და ვერ იქნება ჰარმონიაში ამერიკულ რეგულაციებთან და სტანდარტებთან. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მოლაპარაკების თემაა და ვფიქრობ მხარეები ამ საუბრებისთვის სერიოზულად ემზადებიან.
უაღრესად საინტერესო იყო მარკო რუბიოს დამტკიცებაც სახელმწიფო მდივნის პოსტზე. მოსმენებზე, რომელიც სენატში გაიმართა, რუბიომ უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა როგორც ნატოსა და ევროკავშირის, ასევე ჩინეთის და რუსეთის მიმართებით. აქედან არც ერთი არ მაფიქრებინებს, რომ ამერიკა აპირებს პოზიციების დათმობას ან ნატოსა და ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში, ან „რბილ მოლაპარაკებებს“ ჩინეთთან და რუსეთთან
ზოგადად, როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, კვლავაც ხაზს გავუსვამ, რომ აქ ხშირად საჭიროა ინკლუზიური გადაწყვეტილებები, რაც არა მხოლოდ თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის, პენტაგონის და აღმასრულებელი ხელისუფლების უნისონს, არამედ საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობასაც მოითხოვს.
გუშინ ძირითადი ყურადღება ცხადია რომ პრეზიდენტის ინაუგურაციისკენ იყო მიპყრობილი, მაგრამ ამასთანავე უაღრესად საინტერესო იყო მარკო რუბიოს დამტკიცებაც სახელმწიფო მდივნის პოსტზე. მოსმენებზე, რომელიც სენატში გაიმართა, რუბიომ უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა როგორც ნატოსა და ევროკავშირის, ასევე ჩინეთის და რუსეთის მიმართებით. აქედან არც ერთი არ მაფიქრებინებს, რომ ამერიკა აპირებს პოზიციების დათმობას ან ნატოსა და ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში, ან „რბილ მოლაპარაკებებს“ ჩინეთთან და რუსეთთან.
ამიტომაც ვამბობ, მთავარი პროცესები წინაა და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
– ტრამპის ინაუგურაციაზე ქართული ოპოზიციის ყოფნის თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით. უფრო სწორად მათი ვაშინგტონში მიწვევაზე ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს, რომელზეც მსჯელობენ.
ღიად ანტიამერიკული და ანტიდასავლური განცხადებების გამო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და საქართველო საკმაოდ რთულ ვითარებაშია აშკარად. ვგულისხმობ იმას, რომ ურთიერთობები გვაქვს გაუარესებული აშშ-თან, ევროპის წამყვან ქვეყნებთან.
პრემიერი ირაკლი კობახიძე ტრამპის ინაუგურაციამდე ამბობდა – „დონალდ ტრამპის ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები”.
მაგრამ, ტრამპის გარემოცვის წარმომადგენელმა და კონგრესმენმა ჯო უილსონმა თქვა – „ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის, ის ამერიკის სანქციების სიაში მალე აღმოჩნდებაა“. მისივე თქმით სანქციები ასევე შეეხება პრემიერ ირაკლი კობახიძეს.
რა ტიპის საშინაო და საგარეო პრობლემებით შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპ-ის ინაუგურაციას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება?
– „ქართული ოცნებების“ პრობლემებსა და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ დაშვებულ შეცდომებზე სალაპარაკოდ ერთი ინტერვიუ არ გვეყოფა. მოკლედ ვიტყვი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთ კრიტიკულ ზღვარზე, როგორც ახლაა და ეს სწორედ „ქართული ოცნების „დამსახურებაა“.
ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ასეთ კრიტიკულ ზღვარზე, როგორც ახლაა და ეს სწორედ „ქართული ოცნების „დამსახურებაა“
ბევრი საქილიკო განცხადება გავრცელდა სალომე ზურაბიშვილის თუ ოპოზიციის ვაშინგტონში ყოფნასთან დაკავშირებით, მაგრამ კითხვა ისაა, რატომ არ იყო თავად „ქართული ოცნება“ ინაუგურაციაზე წარმოდგენილი? ისინი ხომ თითქოს ურთიერთობის გადატვირთავს აპირებენ. მაშ რატომ არავინ დაპატიჟა, არც კონგრესმენმა, არც სენატორმა, არც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა?!
ვერც იმ ლობისტური კომპანიების საქმიანობის შედეგს ვხედავთ, რომლებსაც წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან ფულს ვუხდით! ინაუგურაციაზე დასწრება ხომ მხოლოდ ცერემონიაში მონაწილეობა არ არის.
რატომ არ იყო თავად „ქართული ოცნება“ ინაუგურაციაზე წარმოდგენილი? ისინი ხომ თითქოს ურთიერთობების გადატვირთავს აპირებენ. მაშ რატომ არავინ დაპატიჟა, არც კონგრესმენმა, არც სენატორმა, არც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა?!
ეს პოლიტიკურ წრეებთან და გადაწყვეტილების მიმღებებთან ურთიერთობის შესანიშნავი შესაძლებლობაა და მისი არგამოყენება მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ოცნების რეპუტაცია უკიდურესად შელახულია რამაც საერთაშორისო ასპარეზზე მათი კონტაქტები საკმაოდ შეზღუდა.
– ტრამპის ინაუგურაციას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია პრეზიდენტად მიიჩნევს.
ტრამპის გარემოცვის მიერ იყვნენ მიწვეულნი „ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები. სალომე ზურაბიშვილისა და ვაშინგტონში მყოფ სხვა ოპოზიციონერებს შეხვედრები ჰქონდათ ტრამპის უახლოეს გარემოცვასთან. მათ შორის იმათთან, ვინც აშშ-ს მთავრობაში საკვანძო პოსტებს დაიკავებენ.
თქვენ როგორ შეაფასებდით სალომე ზურაბიშვილისა და სხვა ოპოზიციურების ვიზიტს აშშ-ში, ტრამპის ინაუგურაციის ღონისძიებებში მათ მონაწილეობას?
– ცხადია, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ტრამპის ინაუგურაციაში მონაწილეობა, ასევე მისი კომუნიკაცია მარკო რუბიოსთან, ჯო ვილსონსა თუ სხვებთან უაღრესად მნიშვნელოვანია სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური აქტივობისა და პოზიციონირების თვალსაზრისით.
რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ ასევე პარტნიორობა აკავშირებთ ამერიკის პოლიტიკურ წრეებთან და ცხადია, რომ ურთიერთობის განვითარებაზე ორიენტირებული ნებისმიერი პოლიტიკოსი ასეთი შესაძლებლობის გამოყენებას მაქსიმალურად შეეცდება.
ამ შემთხვევაში საინტერესოა, რამდენად კოორდინირებულნი არიან ქართველი პოლიტიკოსები საგარეო პოლიტიკურ აქტივობებში. თუკი მათ შორის ინფორმაციის გაცვლა და რაიმე სახის კოორდინაცია არსებობს, მაშინ ეს ერთობლივი ძალისხმევაა, რაც ყოველთვის ეფექტიანია. სხვა შემთხვევაში ასეთი ვიზიტები ინდივიდუალურ და პარტიულ ჩარჩოებს არ სცდება.
შედეგებზე კი ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან შეხვედრების შინაარსი და დეტალები არ ვიცი. ამ შედეგებს დრო დაგვანახვებს.
– დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ტრამპს ნაკლებად აინტერესებს იდეოლოგიები, იგი ორიენტირებული იქნება ეკონომიკაზე და იმაზე, რომ ამერიკის ეკონომიკა გაძლიერდეს. მისი განცხადებები ოჯახზე, გენდერულ თემებსა და ლგბტ თემებზე იდეოლოგიის ნაწილია, რომლის გაგონებას მისგან ამერიკული საზოგადოების ნაწილი ელოდებოდა.
ტრამპს, ფიცის დადების შემდეგ წარმოთქმულ ტექსტში, არც ერთი ქვეყანა არ უხსენებია, არც ევროპა და არც უკრაინა. თავის ერთადერთ მთავარ პარტნიორად ჩინეთი დაასახელა და პრეზიდენტს სი-ის უკვე ესაუბრა და შეხვედრაზე და პეკინშიც ჩავა. როგორც ჩანს, იგი პრეზიდენტ პუტინს მხოლოდ მას შემდეგ შეხვდება, როცა უმნიშვნელოვანეს თემებზე ჩინეთს მოელაპარაკება.
სამწუხაროდ, საქართველოს არც ნავთობი აქვს და არც გაზი, არც იმის საშუალება მას ახალი ეკონომიკური პროექტები შესთავაზოს. ამიტომ, საკმაოდ დაბალია იმის შანსები, რომ უახლოეს ხანებში იგი საქართველოს თემით დაინტერესდეს.
რა შეიძლება აღმოჩნდეს იმის მიზეზი, რომ ტრამპი საქართველოში არსებული ვითარებითა და იმ პრობლემებით დაინტერესდეს, რომელშიც ქვეყანა რეალურად არსებობს 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ?
– საგარეო პოლიტიკა საკმაოდ რთული და მრავლისმომცველია სფეროა. დემოკრატიულ ქვეყანაში ის ეროვნულ ინტერესებს ემსახურება და არა პიროვნულს. შესაბამისად, პრეზიდენტ ტრამპის პიროვნული პრეფერენციების მიუხედავად აშშ-ს ეროვნული ინტერესების ჩარჩო უცვლელია და ის მოიცავს როგორც თქვენს მიერ ნახსენებ პრაგმატულ ინტერესებს, ასევე იმ დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, რაზედაც დგას ამერიკის სახელმწიფოებრიობა და მისი მსოფლიო ლიდერობა.
ცხადია, საქართველო არ არის უპირველესი თეთრი სახლის პრიორიტეტებში და არც ქართული პოლიტიკის დეტალებია ტრამპისთვის ცნობილი, მაგრამ ეს საკითხები ცნობილია მისი გუნდის იმ წევრებისთვის ვინც იღებს ან ამზადებს გადაწყვეტილებებს.
საქართველოს საკითხი ორ შემთხვევაში შეიძლება გააქტიურდეს. ერთი გახლავთ ფართო რეგიონული კონტექსტი, რაც გულისხმობს ფართო შავი ზღვის რეგიონს თავის კონფლიქტებით, შუა დერეფნით და კავშირადობის საკითხებით, ამ პროექტებში ამერიკისთვის სარისკო ქვეყნების თუ კომპანიების ჩართულობით, ასევე რუსეთსა და მის ინტერესებს სამეზობლოსა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნისადმი.
საქართველოს საკითხი ორ შემთხვევაში შეიძლება გააქტიურდეს. ერთი გახლავთ ფართო რეგიონული კონტექსტი, რაც გულისხმობს ფართო შავი ზღვის რეგიონს თავის კონფლიქტებით, შუა დერეფნით და კავშირადობის საკითხებით, ამ პროექტებში ამერიკისთვის სარისკო ქვეყნების თუ კომპანიების ჩართულობით, ასევე რუსეთსა და მის ინტერესებს სამეზობლოსა და ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნისადმი
მეორე ფაქტორი კი არის თავად „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა და ქმედებები, რომელიც აუარესებს ვითარებას და აშშ-ს პოლიტიკური წრეების აღშფოთებას იწვევს.
„ქართულ ოცნებას“ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭების განსაკუთრებული „ნიჭი“ აღმოაჩნდა და ასეთი ქმედებებს სათანადო შედეგებიც მოსდევს. ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში.
ასეთ დროს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა ახალ ადმინისტრაციასთან კავშირების აშენებას და ურთიერთობების გაუმჯობესებას უნდა ცდილობდეს, ჩვენ კი ათწლეულობით ნაშენები სტრატეგიული პარტნიორობა გაყინვამდე მივიყვანეთ.
სამწუხაროდ დღეს ჩვენი საერთაშორისო პოზიციები საგანგაშოდ არის გაუარესებული და მარტო ვრჩებით იმ საფრთხეების წინაშე, რასთან გამკლავებაც მეგობრების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი