თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 66 ადამიანი ემსხვერპლა და 51 დაშავდა.
ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა.
სასტუმროში 238 სტუმარი იმყოფებოდა.
ხანძარი 21 იანვარს გამთენიისას, 12-სართულიანი სასტუმრო Grand Kartal-ის რესტორნის სართულზე გაჩნდა. პანიკაში ჩავარდნილი სტუმრების ნაწილი ფანჯრიდან გადახტა.
„როიტერსის“ ცნობით, ერთ-ერთმა დამსვენებელმა განაცხადა, რომ მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა გამოძახებიდან დაახლოებით 45 წუთის შემდეგ დაიწყეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.
საქართველოს სახელით, თურქეთის რესპუბლიკას სამძიმარი გამოუცხადეს სალომე ზურაბიშვილმა და ირაკლი კობახიძემ.
