ბათუმში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ჟურნალისტები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები, აღნიშნულ უწყებას მიმართავენ, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის ირაკლი დგებუაძის მხრიდან, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი შეისწავლონ.
„ვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. საია-მ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, თუ რატომ უნდა შეწყდეს მზია ამაღლობელის საქმე, თავად ირაკლი დგებუაძის ჩვენებაზე დაყრდნობით, რომლის ჩვენებაც და ირაკლი დგებუაძის განმარტებები არ ადასტურებს 353-ე პრიმა მუხლის კვალიფიკაციას და როგორც დგებუაძე აღწერს, მზია ამაღლობელის დარტყმის შედეგად ზედა მარჯვენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი, მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი, სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება.
უნდა შეწყდეს მზია ამაღლობელის მიმართ დევნა და უნდა გათავისუფლდეს.
საგამოძიებო სამსახურმა გამოიძიოს ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტი და დამცირების ფაქტი, აუცილებლად უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება და დადგეს მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, – აცხადებენ გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტები.