“ამ ჩვენი მახინჯი პოლიტიკური სისტემის „შვილები“ ამ „რძით“ დაიხრჩობიან” – რამაზ გიგაური

სიტყვა „მატრიცა“ უკავშირდება ლათინურ სიტყვას mater (დედა) და როგორც დაბადებისთვის მზადმყოფი ნაყოფი იწყებს მოძრაობას, რომ თავი დააღწიოს დედის სხეულს, ისე ნებისმიერ მატრიციდან გამოსვლა იწყება გაცნობიერებით და მოძრაობის დაწყებით. დედის სხეული, რომელიც მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვს კვებავს, ინახავს და იცავს, როცა დაბადების ჟამი დადგება, მის სიკვდილადვე იქცევა, თუ ბავშვმა ვერ შეძლო იქიდან თავის დაღწევა. ასევე რაღაც პერიოდი მატრიცა იცავს თავის წევრებს, „კვებავს“ მათ, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იწყებს მათ მოკვდინებას („გაგუდვას“). გამოთქმა „რევოლუცია ჭამს თავის შვილებს“, სწორედ ამას გულისხმობს. იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერი მახინჯი პოლიტიკური სისტემა, რომელიც ცდილობს შექმნას პოლიტიკურ-ეკონომიკური „საშვილოსნო“ და იქ თბილად და მაძღრად შეინახოს თავისი „შვილები“, საბოლოოდ გაგუდავს მათ. ასე რომ, ამ ჩვენი მახინჯი პოლიტიკური სისტემის „შვილებს“, ვისაც ჰგონიათ, რომ სამუდამოდ იქნებიან და მუდამ რაღაც „ძუძუზე“ მიეწებებიან, უბრალოდ, ამ „რძით“ დაიხრჩობიან. ამ ჯაჭვის წყვეტა იწყება არა ზემოდან, არამედ ქვემოდან, ანუ ჯაჭვში პირველ რიგში სუსტი რგოლები წყდება. დასასრულ კი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნებისმიერ მატრიციდან გამოსვლა იწყება გაცნობიერებით და მოძრაობის დაწყებით.