აქციაზე ნიღბის ტარების გამო დაკავებული დემონსტრანტები 2000 და 2200 ლარით დააჯარიმეს

18 იანვარს თემქის პოლიციის განყოფილებასთან მშვიდობიან აქციაზე დაკავებული დემონსტრანტები, გურამ მაცხონაშვილი და რომან აკოფოვი სასამართლომ დააჯარიმა. მაცხონაშვილი – 2000 ლარით, აკოფოვი კი – 2200.
ისინი, სხვა 4 პირთან ერთად, ძალის გამოყენებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ ედავება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას [173-ე მუხლი] და შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას [174 პრიმა მუხლი].
“პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ” მიმართულ აქციაზე დემონსტრანტთა ნაწილს სახე ჰქონდა დაფარული, რაც 29 დეკემბრიდან აკრძალულია “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით, 2-დღეში განხილული და ს ხელმოწერილი კანონის მიხედვით. პოლიციელებმა მათ მოუწოდეს, ნიღბები მოეხსნათ. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს იდენტიფიცირების საშუალება მისცეს – უთხრეს სახელები და სახეები აჩვენეს, თუმცა შემდეგ, “რეპრესიული კანონზე დაუმორჩილებლობის” გამოსახატად, სიმბოლურად ისევ დაიფარეს სახე.
პოლიციელებმა ისინი ძალის გამოყენებით დააკავეს. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მათ ნაწილზე, მათ შორის გურამ მაცხონაშვილზე, ფიზიკურად იძალადეს.
“შემდეგ აქციაზეც აუცილებლად ნიღბით ვიქნები გამოცხადებული […] არალეგიტიმური -ს მოთხოვნას და დაკმაყოფილებულს მათი დაქვემდებარებული სასამართლოს მიერ არ ვემორჩილები. შესაბამისად, ის ჯარიმაც ჩემთვის არის აბსოლუტურად არალეგიტიმური. ძალიან სასაცილო. არც ამ ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ”, – განაცხადა რეჟისორიმა, გურმა მაცხონაშვილმა სხდომის შემდეგ.
გურამ მაცხონაშვილისა და რომან აკოფოვის გარდა, 18 იანვარს, იმავე აქციაზე დააკავეს მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი და მარიამ გილაშვილი. სასამართლოს მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილ სამართალდარღვევაზე ჯერ არ უმსჯელია.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” შეფასებით, მაშინ, როცა აქციის არსებითი მიზანი რეპრესიული კანონის წინააღმდეგ გამოსვლა იყო, ამგვარი პროტესტი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებშია. შესაბამისად, დემონსტრანტთა დაკავება უკანონო იყო.
გარდა ამისა, ორგანიზაციაში ყურადღებას ამახვილებენ დაკავებისას ძალის გადამეტებაზე და აცხადებენ, რომ “როდესაც პოლიციელთა სიმრავლის გამო მოქალაქეს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა ისედაც არ აქვს, ძალადობრივი ფორმით განყოფილებაში შეყვანა და მისთვის დაზიანებების მიყენება წარმოადგენს ძალის გადამეტებას”.