კრემლი კვლავინდებურად ითხოვს უკრაინის ოთხი ოლქის სრულ დაკავებას – იმ რეგიონების, რომლებიც რუსეთმა საკუთარ შემადგელობაში შეიყვანა კონსტიტუციით. მოსკოვი ამ პოზიციას არ თმობს იმის ფონზეც კი, რომ ფრონტზე დანაკარგები იზრდება და ცოცხალი ძალის სერიოზული დეფიციტი იქმნება. ამის მიუხედავად, რუსეთში იძულებითი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის მზადება ჯერჯერობით არ შეინიშნება. ამის თაობაზე ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.გამოცემის ინფორმაციით, ორი წყარო, რომელიც იცნობს ამ საკითხის შიდა განხილვას კრემლში, აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ ეტაპზე არ გეგმავს ახალი მობილიზაციის გამოცხადებას. გამოცემასთან საუბარში ანალოგიურ ცნობას ადასტურებს დასავლელი მაღალჩინოსანიც.ბრიტანული გამოცემის წყაროების განმარტებით, რუსეთის ხელისუფლება ამჯობინებს, გაზარდოს იმ პირების რიცხვი, რომლებიც ნებაყოფლობით აფორმებენ კონტრაქტებს თავდაცვის სამინისტროსთან, ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობა იძულებით გაიწვიოს ჯარში. ამ გზით კრემლი იმ პოლიტიკურ რისკებს არიდებს თავებს, რაც სავალდებულო მობილიზაციას ახლავს თან.ახალწვეულების ნაკადის შემცირებასა და გეგმის შესრულების სირთულეებზე The Guardian-ს ესაუბრა რუსეთის ერთ-ერთ ცენტრალურ რეგიონში მომუშავე ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელიც მეომრების დაქირავებას ეწევა. მისი თქმით, ორგანიზაციას ევალება ყოველთვიურად 20-დან 30-მდე კაცის გაგზავნა ომში. გეგმის გადაჭარბებაზე პრემიებია დაწესებული, ხოლო თუ საჭირო რაოდენობა ვერ შეგროვდა, თანამშრომლებს ჯარიმები ემუქრებათ.„შარშან ხალხის დაყოლიება გაცილებით მარტივი იყო, ახლა კი სულ უფრო გვიჭირს“, ამბობს ანონიმი წყარო. მისივე ცნობით, უწყების შიგნით ახალ მობილიზაციაზე ლაპარაკობენ, თუმცა ოფიციალური განკარგულება ჯერ არავის მიუღია.მანამდე The Financial Times-იც წერდა, რომ კრემლმა და თავდაცვის უწყებამ რეგიონებს 2026 წლის გეგმის მკაცრი შესრულება მოსთხოვეს. ეს გეგმა ჯარში 409 ათასი ადამიანის გაწვევას ითვალისწინებს.FT-ის მონაცემებით, ბოლო თვეებში საგრძნობლად გაიზარდა მოსკოვის მხრიდან რეგიონულ ხელისუფლებებზე ზეწოლა. ეს პირდაპირ უკავშირდება პუტინის სურვილს, თავი აარიდოს მასობრივ გაწვევას.ამავე დროს მთელს რუსეთში ხშირდება შემთხვევები, როდესაც არმიაში იძულებით ერეკებიან მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს. კაცებს ქუჩის რეიდების დროს აკავებენ და თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას აიძულებენ.ასეთი ფაქტები უკვე არაერთ რეგიონში დაფიქსირდა. The Moscow Times-ის ცნობით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა პენზის ოლქში, სადაც ადგილობრივებმა დამქირავებლებისგან დასაცავად სპეციალური ჯგუფებიც კი შექმნეს. იძულებითი გაწვევის შესახებ ცნობები ასევე მოდის ომსკის, ულიანოვსკისა და სხვა ოლქებიდან.



