“სილქნეტმა” 5G თბილისის ცენტრალურ ნაწილში “ულიცენზიოდ” ჩართო

“სილქნეტმა” თბილისის ცენტრალურ ნაწილში 5G ინტერნეტი ჩართო. კომპანიას არ აქვს კომუნიკაციების კომისიისგან მიღებული შესაბამისი ლიცენზია, რომელიც მარეგულირებელმა ახალი ტექნოლოგიების დასანერგად განსაზღვრა.
5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ “სელფმა” (ყოფილი “ბილაინი”), “სილქნეტმა” კი მას დედაქალაქში ამ მომსახურების დანერგვა დაასწრო.
“ჩვენმა მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ “სილქნეტი” ყოველთვის იყო ნოვატორი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და ახლაც პირველები ვართ”, – უთხრეს რადიო თავისუფლებას კომპანიაში.
რადიო თავისუფლებამ ჯერ კიდევ 13 დეკემბერს შენიშნა, რომ “სილქნეტის” ქსელში ჩართულ მობილურ ტელეფონებზე 5G ინტერნეტს “იჭერდა”, სწორედ ამის გამო მიმართა კომპანიას კითხვებით. ამ ქსელის აბონენტებს ახალი ტექნოლოგიის ინტერნეტის “დაჭერა” შეუძლიათ თბილისში – თავისუფლების მოედნიდან ბაგებამდე.
“სილქნეტში” რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 5G-ის დასანერგად იყენებენ საკუთარ სიხშირეებს, რომლებიც ამ დრომდე არ ჰქონდათ დატვირთული.
“კომპანია ფლობს ტექნოლოგიურად ნეიტრალურ მობილურ ლიცენზიებს, რაც საშუალებას აძლევს არსებული სიხშირეების გამოყენებით დანერგოს ახალი, მეხუთე თაობის ტექნოლოგია”, – აცხადებენ კომპანიაში.
რადიო თავისუფლებამ ბაზრის რეგულატორს – კომუნიკაციების კომისიას – ჰკითხა, რა რეაგირება ექნება მეხუთე თაობის ინტერნეტის უნებართვოდ დანერგვასთან დაკავშირებით. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
2022 წლის მონაცემებით, ბაზრის ლიდერია კომპანია “მაგთიკომი”. მის ქსელში ჩართულია აბონენტების 41,7%, მეორე ადგილზეა “სილქნეტი” – 33,5%-ით, მესამეზე კი “სელფი” – 24,8%-ით.
სიხშირეების უნებართვოდ გამოყენებაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია სანქცია, რომელსაც კომუნიკაციების კომისია აკისრებს კომპანიებს. კომისიაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ “სილქნეტს” არ აქვს ახალი ტექნოლოგიის დასანერგად საჭირო ლიცენზია.

ასევე დაგაინტერესებთ