“საზოგადოება არ უნდა გახდეს რეპრესიების თანამონაწილე, რეპრესიებით მოსარგებლე.
ბოლო დროს აღარ აჯარიმებენ უბილეთო მგზავრებს, იშვიათად ნახავთ პარკირების კონდუქტორებს…
სამაგიეროდ, დაიწყეს შეკრებებისას 2000-5000 ლარიანი ჯარიმებით ადამიანების დაჯარიმება.
შვებას აძლევენ უმრავლესობას, რომ გამოიწვიონ კმაყოფილება, მაგრამ სჯიან მათ ვინც წევს წინააღმდეგობას.
ასეა ყველაფერში…
რომ მიიმხრონ რაც შეიძლება მეტი და ჩააქრონ სამართლიანი უკმაყოფილება.
ასეთ დროს ჩნდება დანაშაულის განცდა, მაგრამ ძნელია მისი გაცნობიერება.
ამიტომ იცავ თავს და იგონებ, რატომ არ გულშემატკივრობ, რატომ არ უერთდები, რა არ მოგწონს…
ცდილობ შვება იგრძნო, მაშინ როდესაც ხვდები, რომ დამნაშავე ხარ, რადგან პასიურ თანამონაწილედ, მოსარგებლედ გაქციეს.
მთელი პროპაგანდა ბოლო დრომდე ნაწილობრივი წარმატებით ამას ემსახურებოდა.
საერთოდ პროპაგანდა მაგისთვის არის საჭირო; ის ვერ გატყუებს, მაგრამ გგვრის შვებას, რადგან გაძლევს არგუმენტს.
მაგრამ შინაგანი ფსიქიკური წნეხი თანდათან იზრდება, რადგან პროპაგანდა უძლური გახდა, ტყუილი უტიფარი და დაუჯერებელი.
იგივე ხელწერა იკითხება მსჯავრდადებულების შეწყალებაში. ურჩები ჩავსვი, მაგრამ ბევრი გამოვუშვი.
მიუხედავად ამისა არ ვფიქრობ, რომ ამ რაოდენობის მსჯავრდადებულის ერთბაშად შეწყალებამ რაიმე არსებითად შეცვალოს.
შეიძლება ცინიზმია, შეიძლება მათი
თანამოაზრეობის ან დახმარების იმედი აქვთ, შეიძლება სულაც საკნებს ათავისუფლებენ…
მაგრამ შედეგი მაინც არ დადგება. ეგეც ძველი მეთოდია, რომელსაც საზოგადოება აღარ ეგება.
ვითარების კრიმინალიზაცია არ და ვერ მოხდება.
გამოსული მსჯავრდადებული, რომელმაც საკანი გამოცადა, ყველაზე ნაკლებად ქვეყნის საკნად გადაქცევისთვის გაირჯება.
ვინც საკანი იცის, თითოეული გარეთ მდგომი ადამიანის ბუნებრივი მოკავშირეა, რადგან აღარ უნდა მისი ხელახლა გამოცდა თუნდაც ქვეყნის იზოლაციით.
ამიტომ ამით მიღწეული კეთილგანწყობა და მხარდაჭერა საფუძველშივე განწირულია.
ყბადაღებული 20 იანვარი გადის და საზოგადოება ფეხმოუცვლელად დგას.
ახლა ჯარიმებით და გამოშვებული პატიმრებით ემუქრებიან, მაგრამ არ მოქმედებს.
და ამას ერთი მიზეზი აქვს, უკან ვეღარ იხევს და ვერც დაიხევს.
ერთადერთი გზა გვაქვს დარჩენილი, წინ გამარჯვებისკენ,” – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.