ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ვაზიანის აეროპორტის პროექტთან დაკავშირებით აერო- სანავიგაციო კვლევები დასრულდა და შენობის დიზაინის კონკურსი მიმდინარეობს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვაზიანის აეროპორტთან დაკავშირებით, ჩვენ აერო – სანავიგაციო კვლევები დავასრულეთ. ცოტა მეტი დრო წაიღო, ვიდრე მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ ჩვენი გეოგრაფია ზოგადად რთულია. მთაგორიანი ქვეყანა ვართ და მიუხედავად იმისა, რომ ვაზიანი ყველაზე უპირატესი ადგილია აღმოსავლეთ საქართველოში, აქაც იყო გარკვეული კითხვები და გამოწვევები. შესაბამისად, დეტალური კვლევები იყო ჩასატარებელი, რომელიც ავსტრიულმა კომპანიამ გააკეთა. ეს ანალიზი უკვე გავიარეთ სამინისტროში და შესაბამისად უკვე ვიცით, როგორი იქნება აეროპორტის კონფიგურაცია. შემდეგი ეტაპია უკვე დეტალური დიზაინის კონკურსი, რომელიც ასევე მიმდინარეობს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა ანაკლიის პორტის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიდის.
მისი თქმით, სამშენებლო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა „მაქსიმალური პასუხისმგებლობით”.
როგორც დავითაშვილი აღნიშნავს, ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების პროგრესთან დაკავშირებით მედიას დეტალურ ინფორმაციას იანვრის ბოლომდე გააცნობენ.
„სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ. მე ვთქვი, რომ როდესაც მოხდა კონტრაქტორის შერჩევა, ასევე ამ კონსორციუმში იყო წამყვანი დიზაინ კომპანია, „როიალ ჰასკონინგი“, რომელიც ნომერ პირველია და მათთან ერთად მოხდა საპროექტო პირობების და დეტალების დაზუსტება. ამიტომ პროექტი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, უფრო ეფექტიანი იქნება განხორციელებისას და უფრო სწრაფად განხორციელებადიც. სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად ხდება ძირითადი ინერტული მასალის მობილიზება ტერიტორიაზე. პარალელურად, მიმდინარეობს ის ლაბორატორიული კვლევები, რომელიც საჭიროა. ახლა დაგეგმილია დანიაში თვის ბოლომდე ძირითადი ტალღების ზემოქმედების კვლევების ჩატარება, რომელიც თებერვლამდე დასრულდება. ამაზე მედიას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით, მათ შორის, ვიდეომასალას. შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიდის, პირიქით, უფრო ეფექტურად და სწრაფადაც განხორციელდება დროში. რაც შეეხება ინვესტიციებთან დაკავშირებით – აქაც ჩვენ ინვესტორის შერჩევის სამუშაოებში გვაქვს პროგრესი. მე უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება მნიშვნელოვან საკითხებზე, ჯერჯერობით ვერ მოგაწვდით მეტ ინფორმაციას. კონსორციუმში ხდება დამატებითი მოთამაშეების გაჩენა, უფრო სოლიდური იქნება კონსორციუმის შემადგენლობა, რაც ამყარებს პროექტს და ამის შესახებ ინფორმაციას თებერვალში მოგაწვდით. თუმცა ჩვენ აპრილი განვსაზღვრეთ წინადადების დაზუსტების მორგი თარიღად. მოლაპარაკებაში ბევრი საკითხი დაისვა პრეცედენტის მხრიდან, რომელსაც ჩვენ პასუხი გავეცით და ასევე მოვითხოვეთ დაზუსტებები. ეს არის სამუშაო პროცესი, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს. 2028 წლის ბოლოს, მაგრამ შეიძლება, 2028 წლის დასაწყისშიც პროექტი იქნება სრულად ოპერირებადი. ჩვენ მივიღებთ პირველ გემებს და პირველი ტვირთი შევა ანაკლიის პორტში. უბრალოდ მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა მაქსიმალური პასუხისმგებლობით,“ – განაცხადა დავითაშვილმა.