„ქართულ ოცნებას“ არა ტრამპზე აქვს იმედი, არამედ პუტინზე, რომ ის დაალაგებს ტრამპთან, მათ შორის, საქართველოს მომავალზეც, თუმცა ძალიან რთული იქნება ტრამპისთვის, რომ რაღაცები დათმოს, მათ შორის საქართველოც – ვფიქრობ, საქართველო არ იქნება გასაცვლელი მონეტა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი იმის იმედი აქვთ, რომ ტრამპი და პუტინი ერთმანეთში მოილაპარაკებენ, რის შედეგადაც მსოფლიოში გავლენების სფეროები გაიყოფა და საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში აღმოჩნდება.
ამის პარალელურად, ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ტრამპის გარემოცვაში ბევრი ადამიანია, რომელმაც მეტ-ნაკლებად კარგად იცის, რა ხდება საქართველოში და ფიქრობს, რომ საქართველო არ იქნება გასაცვლელი მონეტა.
კითხვაზე, თუ რამდენად სწორად ფიქრობს მმართველი პარტია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იქნება, ბაქრაძე პასუხობს, რომ ამას უკვე აღარც „ოცნებაში“ ფიქრობენ, რადგან ტრამპთან დაკავშირებით მოლოდინები ძალიან შერბილდა.
„მე ვფიქრობ, ერთადერთი, რისი იმედიც ახლა აქვთ, არის ის, რომ რაიმენაირად ტრამპი და მათი უსაყვარლესი პუტინი მოილაპარაკებენ ერთმანეთში. ვთქვათ, უკრაინისთვის მათი მოლაპარაკებები არ იქნება კარგი და აქ გავლენების სფეროები გაიყოფა მსოფლიოში და ჩვენ მოვხვდებით რუსეთის გავლენის სფეროში, ტრამპი არ შეუშლის ამას ხელს და ისინი იქნებიან კმაყოფილები. დაახლოებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა ტრამპზეა იმედი, არამედ პუტინზე, რომ ის დაალაგებს ტრამპთან, მათ შორის, საქართველოს მომავალზეც,“ – განაცხადა ბაქრაძემ.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, ტრამპისთვის, რომელსაც უნდა, მსოფლიოში ამერიკის ჰეგემონია შეინარჩუნოს, ძალიან წამგებიანია, რომ დიდ დათმობებზე წავიდეს რუსეთთან, მით უმეტეს, საქართველოსთან მიმართებაში.
„ჩვენ თვითონ ვამბობთ ხოლმე, რომ უკრაინის ომზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული. მართლაც ასეა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპის გარემოცვაში ბევრი ადამიანია, რომელმაც მეტ ნაკლებად კარგად იცის, რა ხდება საქართველოში და ვფიქრობ, საქართველო არ იქნება გასაცვლელი მონეტა, მით უმეტეს, ტრამპს, რომელსაც უნდა ამერიკა იყოს ლიდერი. პირველი, ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება მისთვის, რომ რაღაცები დათმოს, მათ შორის საქართველოც,“ – აღნიშნა ბაქრაძემ.
გარდა ამისა, მან დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე „დასასწრებ ბილეთებზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა არანაირ ლოგიკას აღარ ემორჩილება.
„ინაუგურაციაზე დასწრებას აქვს თავისი ფუნქცია და მნიშვნელობა. მეორეც, თუ ასე ყველგან იყიდებოდა ბილეთი, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდა ბილეთის ყიდვა და წასვლა?! თუ არ თვლიან საჭიროდ, რომ იქ იყვნენ?! „ქართული ოცნების“ პროპაგანდას კრიტიკულად უნდა ვუყუროთ ხოლმე და დავინახოთ ის აბსურდულობა, რაც უნდათ, რომ ადამიანებმა შეჭამონ. სასაცილოა პირდაპირ. თურმე, ვიღაცას შეუძლია ბილეთი იყიდოს, მას დასცინიან და თვითონ მერე დაალაგებენ. რატომ არ იყიდეს ბილეთი?! „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ცუდი იქნებოდა საქართველოსათვის, თუ არ გვინდა ამერიკასთან კარგი ურთიერთობის ქონა?! არანაირ ლოგიკას აღარ ემორჩილება „ქართული ოცნების“ პროპაგანდა,“ – განაცხადა ბაქრაძემ.
გარდა ამისა, მან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ უმართავი პროცესების გავრცელების რისკი არსებობს, რადგან ე.წ. ხელისუფლება ტერიტორიულ ჯგუფად გადაიქცა.
„როდესაც ასე მიუშვებ ადამიანებს და ეუბნები, რომ მათ მოწინააღმდეგე უნდა სცემონ, როდის გაისვრის თოფი, რომელიც ჩამოკიდებულია კედელზე, არავინ იცის. ძალიან საშიში გახდა ეს ხელისუფლება საქართველოსთვის. საქართველო ამ მთავრობას დაღუპვისკენ მიჰყავს. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს ეს ხელისუფლება ძალაუფლებაში დარჩენას, მით უფრო დიდი საფრთხეები ელის საქართველოს…
კიდევ უფრო დიდი პროტესტის ტალღას მიიღებს „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ ბოდიში მომითხოვია, მათივე სიტყვებით რომ ვილაპარაკო, არაკაცურად იქცევიან. ეს ხალხი, ვინც რაღაცა ფასეულობებზე და ვითომ კაცობაზე დებს თავს, იქცევიან სრულიად არაკაცურად. ამიტომაც ისინი მიიღებენ აუცილებლად პასუხს ქართული საზოგადოების მხრიდან,“ – აღნიშნა მან.
ამასთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან 613 პატიმრის შეწყალებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ძალიან ბევრი კითხვას იწვევს.
„ორი ტიპის ადამიანები შეიძლება იყვნენ ესენი – ისინი, რომლებიც სჭირდებათ ასეთი ტერორის გასაჩაღებლად ქუჩაში და ისინი, რომელთა ოჯახებიც საარჩევნოდ გამოიყენეს, რომელთაც დაჰპირდნენ, რომ გამოუშვებდნენ ციხიდან, თუკი ისინი არა მხოლოდ ხმას მისცემდნენ მათ, არამედ გარკვეულ ორგანიზებას გაუკეთებდნენ ხმის მიმცემის პროცესს. წარმოუდგენლად დიდი რიცხვია 613 ადამიანი. მე არ მახსოვს, რომ ამდენი ადამიანი ერთბაშად გამოეშვათ ქუჩაში,“ – განაცხადა ბაქრაძემ.