უფრო ხისტი პოლიტიკა იქნება „რესპუბლიკელების“ ადმინისტრაციის მხრიდან, ვიდრე ამას „დემოკრატები“ აკეთებდნენ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა და ისაუბრა იმაზე, როგორი შეიძლება იყოს საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეის შემდეგ, როცა დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება.
როგორც ვალერი ჩეჩელაშვილმა აღნიშნა, რომ სანამ „ქართული ოცნება“ ნათლად არ ჩამოაყალიბებს საკუთარ ხედვებს კომპრომისული გზების მოძებნასთან დაკავშირებით, არანაირ გადატვირთვას არ ელის.
„მე ველი, რომ უფრო ხისტი პოლიტიკა იქნება ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, ვიდრე ამას „დემოკრატები“ აკეთებდნენ. რა თქმა უნდა, კარგად უნდა გავიაზროთ ობიექტური ფაქტი, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგის უმაღლესი პრიორიტეტების რიცხვში არ შედის. თუ აშშ-ს სურს, ნაკლები რესურსებით გამოყენებით სწრაფი გეოპოლიტიკური თუ საგარეო პოლიტიკური გამარჯვების მიღწევა, ამის განხორციელება საქართველოში შეიძლება. ამისთვის საზოგადოება მომზადებულია, ელის მხარდაჭერას აშშ-სგან. ეს იქნება არამხოლოდ აშშ-ს გავლენების საქართველოში გაძლიერება, არამედ სამხრეთ კავკასიაში. ამასთან, სერიოზული დარტყმა იქნება მიყენებული იმ კონკურენტებისთვის, რომელთაც თვლის რეგიონულ თუ გეოპოლიტიკურ ჭრილში მოწინააღმდეგედ “,- აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.
ამასთან, ვალერი ჩეჩელაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არცერთმა „რესპუბლიკელმა“ არ მიიწვია ტრამპის საინაუგურაციო ღონისძიებაზე, ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ კარგად და ეფექტურად ვერ მუშაობს ვაშინგტონში.
„სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ძალიან წარმატებულია. მნიშვნელოვანია, რომ შეხვდა მარკო რუბიოს, მომავალ სახელმწიფო მდივანს. როგორც მან განაცხადა, მოილაპარაკეს უფრო საფუძვლიან და ხანგრძლივ შეხვედრაზე მას შემდეგ, რაც დაიკავებს ამ თანამდებობას. ის ფაქტი, რომ არცერთმა „რესპუბლიკელმა“ არ ჩათვალა საჭიროდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიეწვიათ ინაუგურაციაზე, ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ კარგად და ეფექტურად ვერ მუშაობს ვაშინგტონში.
ალბათ, ფოკუსი აქვთ ლობისტურ ორგანიზაციებზე. ლობიზმი, რომელიც დაშვებულია აშშ-ში, მაინც აქვს შეზღუდვები. თუ „ქართული ოცნება“ ამყარებს პოლიტიკას განსხვავებულ ფასეულობა და პრინციპებზე, რამდენიც არ უნდა გადაუხადონ ლობისტებს, ისინი ვერ ითავებენ ამ ინტერესების წარმოდგენას ვაშინგტონში. ეს დააზიანებს მათ პოლიტიკურ რეპუტაციას. ფაქტია, რომ ოპოზიცია სერიოზულად არის წარმოდგენილი ვაშინგტონში, „ქართული ოცნება“ კი არ არის. საელჩოს არსებობს იქ და ელჩიც არ გვყავს. ალბათ, მალე ვერც დავნიშნავთ ელჩს. ყაველაშვილის ხელმოწერილი რწმუნებათა სიგელები ნამდვილად არ იქნება მიღებული ვაშინგტონში დღევანდელი განწყობების გათვალისწინებით. ეს მიუთითებს, რომ პოლიტიკა იქნება უფრო მკაცრი“, – აღნიშნა ჩეჩელაშვილმა.