ადვოკატი – გუშინ ორი პირის დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს ფორმები არ ეცვათ, „ტიტუშკები“ ეგონათ – ადგილი არ ჰქონია, სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რასაც შსს ედავება

„უფლებები საქართველოს“ ადვოკატებმა გუშინ, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ დაკავებული რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს” რატი ტყემალაძის ადვოკატმა, მარიამ მაღრაძემ განუცხადა, დაკავებულებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ, „მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე შეიძლება საუბარი“.
„მათი დაკავება ზანდუკელის ქუჩაზე მოხდა. პოლიციის თანამშრომლებს დაკავების დროს ფორმები არ ეცვათ, მხოლოდ დაკავების მომენტში გახდა რატისთვის [ტყემალაძე] და ოთოსთვის [კვარაცხელია] ცნობილი, რომ რეალურად პოლიციის თანამშრომლები ახორციელებდნენ დაკავებას, მანამდე მათ „ტიტუშეკები“ ეგონათ, იმიტომ, რომ რუსთაველის ტერიტორიიდან თითქმის ზანდუკელის ბოლომდე აედევნენ და მათ მიყვებოდნენ.
ისინი დიღმის იზოლატორში არიან გადაყვანილები. გუშინ, მათი დაკავება 23:00 საათზე მოხდა, მთელი ღამის განმავლობაში ვარკვევდით, თუ რომელ იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი, არ გვიდასტურებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ დაუმორჩილებლობას და ადმინისტრაციის შესახებ კანონის დარღვევას ედავება. რეალურად, ადგილი არ ჰქონია, იმ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, მათ ედავება“, – განაცხადა მარიამ მაღრაძემ.
ცნობისთვის, მეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ -ში განუცხადეს, ორივე პირი დაკავებულია 173-ე და 174 პრიმა მუხლებით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, რატი ტყემალაძისა და ოთარ კვარაცხელიას დაკავების მიზეზი სავარაუდოდ, ე.წ. ბალაკლავასა და ს გამოსახულებით ნიღბის ტარებაა.