მამის სანქცირებიდან ორ დღეში უტა ივანიშვილმა იაპონიიდან საქართველოში ახალი ფირმა დაარეგისტრირა

„ატუ ჰოლდინგი“ (Atu Holding) – ასე ჰქვია ს უფროსი ვაჟის, უტა ივანიშვილის ახალ კომპანიას, სააქციო საზოგადოებას, რომელიც მან საქართველოში იაპონიიდან დაარეგისტრირა.

შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილისათვის სანქციების დაწესებიდან, 29 დეკემბრიდან ორ დღეში, 31 დეკემბერს, საქართველოს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მისი ვაჟის, უტა ივანიშვილის კუთვნილი ახალი კომპანია, სააქციო საზოგადოება „ატუ ჰოლდინგი“.

საჯარო რეესტრში წარდგენილ ინფორმაციაში მითითებულია, რომ კომპანიის დამფუძნებელი და აქციების 100%-ის მფლობელი არის უტა ივანიშვილი, მილიარდერი ექსპრემიერის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი.

უტა ივანიშვილმა კომპანია რეესტრში მინდობილობით დაარეგისტრირა – ის უწყებაში თავად არ მისულა, რეგისტრაცია მიანდო ნატო ხაინდრავას, სს „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს“.

როგორც მინდობილობაშია მითითებული, უტა ივანიშვილი რეგისტრაციის დროისათვის იმყოფება იაპონიაში და „პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციების გამოყენებით“ – „სკაიპით“ – შეადგინა მინდობილობა ხაინდრავას სახელზე.

30 დეკემბერს ჯერ მინდობილობა გაფორმდა, რეესტრში საბუთები კი 31 დეკემბერს შეიტანეს.

ახალი ფირმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ბესიკ დემეტრაშვილი, – ბანკი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, წევრები კი „ოცნების“ შემწირველები როსტომ ჩაბრაძე, „ასოციაცია ატუს“ გამგეობის თავმჯდომარე [ეს ასოციაცია 2001 წლიდან არსებობს] და არჩილ მამაცაშვილი, სს „დაზღვევის კომპანია ქართუს“ დირექტორი.

„ატუ ჰოლდინგის“ დირექტორი კი არის კახა კობიაშვილი, ბიძინა ივანიშვილის დისშვილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, სწორედ კობიაშვილია ბიძინა ივანიშვილის საქართველოში მოქმედი ოფშორული კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი.

შესაბამისი დოკუმენტაცია 31 დეკემბერს ნოტარიურად დაამოწმა ნოტარიუსმა ეკატერინა გვანცელაძემ.

კომპანიის მისამართად მითითებულია ილია ჭავჭავაძის გამზირის 39დ – „ქართუ ჯგუფის“ კუთვნილი შენობა, – სადაც ბანკი „ქართუ“ მდებარეობს.

ახალი ფირმის „ნებადართული კაპიტალი“, რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, შეადგენს 100 მილიონ ლარს, განთავსებული კაპიტალი – 100 000 ლარს, განაღდებული კაპიტალი კი – 25 000 ლარს.

ერთადერთ აქციონერად უტა ივანიშვილია მითითებული.

ვრცლად