გახარია საქართველოსთვის აღმასრულებელი მდივნის ბერდია სიჭინავას თქმით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციაზე ზეწოლა მიმდინარეობს.
სიჭინავას თქმით, სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა აჩენს უნდობლობას და ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებაზე.
პარტია სასტუმროსგან გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ოფიციალურად გადაცემას ითხოვს.
“არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციაზე მიმდინარეობს ზეწოლა, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა აჩენს უნდობლობას და ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დე-ფაქტო პრემიერი და სხვა თანამდებობის პირები ღიად და საჯაროდ უკვე კარნახობენ მართლმსაჯულებას რა მიმართულებით და ვერსიით უნდა წავიდნენ.
ამიტომ, სასტუმრო „შერატონისგან“ ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
კანონს მიღმა მოქმედი რეჟიმი, რომელსაც გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ძალაუფლებისა და კონსტიტუციური კურსის შეცვლის გამო ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი უდგას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე, ცდილობს გადარჩენას.
რეჟიმის მარცხი იქნება გარდაუვალი! თავისუფლება სინდისის პატიმრებს”- განაცხადა სიჭინავამ.
სიჭინავას თქმითვე, “ამ დანაშაულში პირდაპირ ჩართულები არიან პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, რის ავანგარდშიცაა ტელეკომპანია იმედი, რომელიც წინასწარ დაგეგმილი და გადაღებული, დაჩეხილი და უხეშად დამონტაჟებული კადრებით ცდილობს საზოგადოებას ტყუილები და ცრუ ვერსია მიაწოდოს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით”.
***
15 იანვარს გვიან ღამით გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო შერატონში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორნდენ. სასტუმროში ასევე იმყოფებოდა მედიაექსპერტი და ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც, რომელიც ჰყვება, რომ თავდამსხმელები მასაც ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მოადგილე გიორგი მანველიძემ კი ქილა ესროლა.
ზვიად ქორიძის თქმით, თავს არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიტო სამხარაძე სხვა პირებთან ერთად დაესხათ.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.