აშშ გმობს “ქართული ოცნების” ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ – საელჩო

აშშ-ს საელჩო ავრცელებს განცხადებას, სადაც “ქართულ ოცნებას” საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობაში ამხელს. განცხადებაში წერია, რომ “ოცნების” ქმედებები თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
“შეერთებული შტატები გმობს პარტია “ქართული ოცნების” მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ.
მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად – რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა. საქართველო უკეთესს იმსახურებს”, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.
გუშინ, 14 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო შერატონში, თავს დაესხნენ “საერთაშორისო გამჭვირვალბა – საქართველოს” რეგიონული ოფისების ხელმძღვანელს, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, მოგვიანებით კი პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს ექსპრემიერ გიორგი გახარიას. მათი ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში თავდასხმაში მონაწილეობდნენ “ქართული ოცნების” დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე.
დღეს, საყოველთაო გაფიცვის მონაწილეებს, დოლიძის ქუჩაზე ორგანიზებულად დაესხნენ თავს – ესროლეს კვერცხები და ფიზიკურად გაუსწორდნენ.