თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები კვლავ პირდაპირ ეთერს ითხოვენ, თუმცა დღევანდელ აქციას დაემატა კიდევ ერთი მოთხოვნა: “თავისუფლება “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დირექტორს, მზია ამაღლობელს”, რომელსაც 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მზია ამაღლობლის გათავისუფლებას ითხოვენ, არამხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის გარეთ მყოფი მომიტინგეები, არამედ, ტელევიზიის შენობაში მყოფი თანამშრომლების ნაწილიც, რომლებიც, ასევე სოლიდარობას უცხადებენ კოლეგას.
ჟურნალისტები არიან შეკრებილები ბათუმში, აჭარის ტელევიზიასთან, სადაც ისინი ეთერის დათმობას ითხოვენ. მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მზია ამაღლობელის დაპატიმრების თემას სათანადო ყურადღება არ დაუთმო.
“ბათუმელების” რედაქტორმა, ეთერ თურაძემ, რომელიც აჭარის ტელევიზიაში შევიდა მოთხოვნის დასაფიქსირებლად, შენობიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მისთვის ეთერს ამზადებდნენ, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა “ძალის გამოყენებით” გაიყვანეს გარეთ.
“ვიყავი სტუდიაში, მიმდინარეობდა საინფორმაციო გამოშვება, სტუდიაში იყო წამყვანი და ასევე სტუდიის პერსონალი, მე მათთვის ხელი არ შემიშლია, ამასობაში შემოდიოდნენ პასუხისმგებელი პირები, მათ კომუნიკაცია ჰქონდათ ტელევიზიის ხელმძღვანელთან… ამბობდნენ, რომ რასაც გადაწყვეტდა ხელმძღვანელობა, შესაბამისად მოიქცეოდნენ… ამასობაში, მორჩა საინფორმაციო გამოშვება, გამორთეს სტუდია, გავიდნენ ყველანი, მარტო ვიყავი ხუთი წუთით. ისევ შემოვიდა წამყვანი, ჩართეს სტუდია, ამასობაში შემოცვივდნენ პოლიციელები და გამომიყვანეს ძალის გამოყენებით. მე ვეუბნებოდი მათ, რომ ისინი არ არიან უფლებამოსილი პირები, გამომაძევონ სტუდიიდან.
ეს ტელევიზია დიდი ხნის განმავლობაში იყო აჭარის მტავრობის საქვეუწყებო დაწესებულება და მე დღეს აღმოვაჩინე რომ ეს ტელევიზია არის შსს-ის დანაყოფი. მათი ჩართული ეთერის, მათი მომზადებული წამყვანის შეჩერება უზრუნველყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორმიანმა თანამშრომლებმა”, – თქვა ეთერ თურაძემ.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.
ფორუმი