ზურაბიშვილი: კანდიდატის სტატუსზე უარი იქნება საქართველოს მარცხი და რუსეთის გამარჯვება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ თუ საქართველოს არ მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება „საქართველოს მარცხი და რუსეთის გამარჯვება“. ევროკავშირის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ზურაბიშვილის თქმით, უარი საქართველოს მოსახლეობაში გამოიწვევს „უზარმაზარ“ იმედგაცრუებას, რუსეთის მმართველებში კი – ასეთსავე კმაყოფილებას. „რუსეთი ჩათვლის, რომ საქართველო რუხ ზონაში რჩება“, თქვა მან და აღნიშნა, რომ კრემლისთვის ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია „საქართველოსთან თამაში“.
ევროკავშირის გაფართოების საკითხს ბლოკის სამიტზე 14-15 დეკემბერს განიხილავენ. სამიტის შედეგებით, საქართველოს შეიძლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, რაც მას არ მისცეს შარშან. სამიტზე ასევე შეიძლება გადაწყდეს უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი.
2023 წლის ოქტომბერში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც პრორუსულ პოზიციაში სდებენ ბრალს, შეეცადა პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტი გამოეცხადებინა, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ ბრალი დასდო, რომ ის ცდილობს, „მოკლას დემოკრატია და საქართველოს ევროპული მომავალი“.
2023 წლის 9 დეკემბერს თბილისში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი, მრავალათასიანი მარში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში