დავით სიხარულიძე – მოსამართლეთა შეკრებით, დაახლოებით, ასეთი ვითარება გვქონდა – რომი რომ იწვის და ხალხი ქეიფობს

გუშინ, დაახლოებით, ასეთი ვითარება გვქონდა – რომი რომ იწვის და ხალხი ქეიფობს. -ში კი ასეთი ვითარება გვაქვს – მართლწესრიგს კი არ იცავს, იცავს კონკრეტული კლანის ინტერესებს, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და მართლწესრიგთან, – ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე მოსამართლეთა კორპუსის კორპორაციულ საღამოს, რომელმაც გუშინ, რესტორან „ბაბილოში“, პროტესტის ფონზე ჩაიარა.
როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ დავით სიხარულიძემ აღნიშნა, მოვლენები, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა, უმძიმესი სანახავი იყო.
„ჩვენ ხომ ვართ უმძიმესი კრიზის ფაზაში, უმძიმესი პოლიტიკური კრიზისია და კლანი, რომელსაც ხელისუფლება აქვს მიტაცებული, არ იმჩნევს. ჰგონია, რომ თუ არ შეიმჩნევს, კრიზისი თავისით გაქრება და მიტაცებული , მიტაცებული სახელმწიფო შერჩებათ და შეძლებენ განაგრძონ ამ ქვეყნის ძარცვა. დაახლოებით იგივეს აკეთებენ ეს მოსამართლეები. საერთოდ, მოსამართლეების ერთად ქეიფის ფორმა, არსად გამიგონია ავტორიტარული ქვეყნების გარდა. მოსამართლე ერთი გუნდი არ არის, ეს არის ბევრი დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც კანონს ემორჩილება. ეს გუნდური პრინციპი, მაგალითად, თავისუფალ ქვეყნებში მათ არ აქვთ, პირიქით, ისეთი მიდგომაა, რომ ყველა მოსამართლე არის ინდივიდუალური, გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი. ამიტომ, ძალიან მძიმე სანახავი იყო“, – განაცხადა დავით სიხარულიძემ.
სიხარულიძის თქმით, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, როცა ათობით უდანაშაულო ადამიანი ციხეში ზის, მოსამართლეების მიმართ გამოხატული პროტესტი აბსოლუტურად გასაგები და მკაფიოა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვფოკუსირდეთ იმაზე, რა შეიძლება ამ ვითარებაში გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს და ამ დროს, ასეთი მოსამართლეების [შეკრებით), გუშინ, დაახლოებით, ასეთი ვითარება გვქონდა – რომი რომ იწვის და ხალხი ქეიფობს.
შსს-ში კი ისეთი ვითარება გვაქვს, მართლწესრიგს კი არ იცავს, იცავს კონკრეტული კლანის ინტერესებს, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და მართლწესრიგთან. ამიტომ, ძალიან რთულია ამას სამართალდამცავი სისტემა ვუწოდოთ. სამართალდამცავი სისტემა ისევე, როგორც სხვა ინსტიტუტები, მიტაცებულია. დღეს ჩვენ ვხედავთ ვითარებას, რომ სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი მიტაცებული და დაკნინებულია, მათ შორის პოლიცია და რასაც ჩვენ ვხედავდით პროტესტების განმავლობაში, როდესაც ადამიანებს დევნიდნენ, სცემდნენ, დაპატიმრებულებს აწამებდნენ, ძარცვავდნენ, ჯიბიდან რაღაცებს აცლიდნენ, თქვენმა კოლეგებმა გამოძიებები ჩაატარეს და ეს ამოცლილი პირადი ნივთები სადღაც აღმოჩნდა, ეს პოლიციის საქციელია? ეს უკვე აღარ არის ინსტიტუცია, რომელიც მართლწესრიგის დაცვისკენა არის მოწოდებული. წარმოუდგენელი რაღაც არის, ეს არის ავაზაკური სახელმწიფოს სისტემის მსახური კომპონენტი. მე ვერ წარმომიდგენია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს ძალაუფლება, წარმოუდგენელია. არანაირი მორალური, სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი ამას უკვე აღარ გააჩნია. 10-15-20 წელი გაივლის და ეს დღეები ყველას ემახსოვრება საქართველოში“, – განაცხადა დავით სიხარულიძემ და აღნიშნა, რომ „კლანმა თუ შეინარჩუნა ძალაუფლება, ეს კიდევ უფრო უარესი გახდება, ვიდრე დღეს არის“.
მისი თქმით, „ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როგორც ჩანს, მოდის ეკონომიკური კრიზისი“. სიხარულიძის შეფასებით, ნორმალურ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ვადამდელი არჩევნების გარეშე მოგვარდება.
შეგახსენებთ, 12 იანვარს, რესტორან „ბაბილოში“, მოსამართლეთა კორპუსი კორპორაციულ საღამოზე შეიკრიბა. მოსამართლეების რესტორანში შეკრებას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, მათ შორის აქციაზე დაკავებული მშობლებისა და ახლობლების მხრიდან. მოსამართლეებს რესტორანში შეძახილების „მონებო“, „ცეცხლი ჭამეთ“ ფონზე მოუწიათ შესვლა, რესტორნიდან გამოსვლა კი საპოლიციო ძალების დახმარებით შეძლეს. შსს-მ ადგილზე პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის მობილიზება მოახდინა, რომელთაც მოსამართლეების რესტორნიდან გაყვანის მიზნით, სპეციალური კორდონი გააკეთეს.
პროტესტი რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პერიოდულად ადგილი ჰქონდა მომიტინგეებსა და მოსამართლეებს, ასევე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, რა დროსაც პროტესტის 9 მონაწილე დააკავეს.