საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი 18:00 საათზე განახლდება

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი 18:00 საათზე განახლდება.
ბრალდებულებისთვის დანიშნულმა საზოგადოებრივმა ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ მოსამართლეს განუმარტა, რომ მასალების გაცნობა დაიწყო, თუმცა, მისი მოცემულობიდან გამომდინარე სრულად გაცნობა ვერ მოახერხა, რისთვისაც მან მოსამართლეს 1 საათი სთხოვა.
ამასთან, მოსამართლემ ადვოკატების მიერ დაწერილ საერთო განცხადებასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ თუ უფლებადამცველებს სურვილი აქვთ, შეუძლიათ სასამართლოს სხდომის დარბაზში შევიდნენ.
პროცესი სასამართლოს დერეფანში მყოფი პირების ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
„არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”,- სკანდირებდნენ ისინი.
საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა.
აღნიშნული მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადვოკატებმა და ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, ვინაიდან მოსამართლემ სხდომათა დარბაზი არაერთხელ დაყენებული შუამდგომლობის მიუხედავად, არ შეცვალა.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.