თბილისის მერია 4 მილიონამდე ლარის დეკორატიულ მცენარეებს ყიდულობს

თბილისის მერია ქალაქში სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი დეკორატიული ბუჩქების, დეკორატიული ხეების, მცირე ზომის დეკორატიული ხეების, მცირე ზომის (P9) დეკორატიული ბუჩქების და დეკორატიული ხეების დარგვისთვის საჭირო დამხმარე მასალების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 999 998 ლარს შეადგენს.
დოკუმენტაციის მიხედვით, ნერგი მიწოდებულ უნდა იქნას კონტეინერით (ქოთნით) ან კომით. კომის შემთხვევაში კომს შემოხვეული უნდა ჰქონდეს ჯვალოს ნაჭერი და სპეციალური მავთულბადე, რომელიც მიწაში იჟანგება და იშლება.
ფესვთა სისტემა განვითარებული უნდა იყოს ისე, რომ მცენარის ამოღებისას კომი არ იშლებოდეს. ამასთან, ნერგი უნდა იყოს თავგადაუჭრელი.
დოკუმენტის მიხედვით, მერია ყიდულობს 100 ერთეულ ბურთის ფორმის ფოტინია კულტივარის – „Red Robin“; 100 ცალ ბურთის ფორმის იაპონური კვიდო კულტივარის; 75 ერთეულ ბურთის ფორმის წყავის; 80 ცალ მარადმწვანე ძახველს; 60 ერთეულ ოქროსფერ აღმოსავლურს ტუიას და ა.შ.
დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში წინადადებების მიღება 5 თებერვალს დაიწყება და 10 თებერვალს დასრულდება.
www.bpn.ge