რა იგულისხმება “დიფ სთეითსა” და “გლობალური ომის პარტიაში” – მთავარი აქცენტები “ოცნების” ახალი წლის პირველ განცხადებაში
“სომხეთში ფაშიზმი ან თვითონ უნდა გაანადგურონ, ან ჩვენ” – ალიევის მკაცრი განცხადება და კონფლიქტის განახლების საფრთხე
ტრამპის შოკისმომგვრელი განცხადება – აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე
* * *
რა იგულისხმება “დიფ სთეითსა” და “გლობალური ომის პარტიაში” – მთავარი აქცენტები “ოცნების” ახალი წლის პირველ განცხადებაში
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც “ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა” “დიფ სთეითის” ქსელის წევრია”. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ იგივე “დიფ სთეითი” “ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს “მშვიდობისთვის სჯის” სანქციებით, თუმცა “ქართველ ხალხს ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებენ”. ამასთან, განცხადებაში ნახსენებია ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, “რომელსაც დააინიცირებინეს მეგობარი აქტი”, რომელსაც “ოცნება” “მტერ აქტს” უწოდებს. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო მიიჩნევს, პრეზიდენტ ტრამპის მიერ “დიფ სთეითის” მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპაში “დიფ სთეითის” მეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება” დაახლოებით 2030 წლმდე”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა იგულისხმება “დიფ სთეითსა” და “გლობალური ომის პარტიაში” – მთავარი აქცენტები “ოცნების” ახალი წლის პირველ განცხადებაში.
“ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭო თავის განცხადებაში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებით, ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს… საქართველო უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა, მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს… სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და “დიფ სთეითის” ხელით, კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებების პირებს უწესებენ. ქართველმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას… ამით, ჩვენ კარგ საქმეს გავუკეთებთ ევროპასაც, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს „დიფ სთეითის” თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს”, – ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში” – აღნიშნავს გამოცემა.
“საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ხუთი რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, სააკაშვილისა და სხვა კრიმინალების განთავისუფლება, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევა და ა.შ. ბოლო, მეხუთე რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ის, რის საჯაროდ მოთხოვნასაც, სერიოზულ მოთამაშეთაგან, მანამდე ვერავინ ბედავდა – რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი მეექვსე რეზოლუციაში, მაღალი ალბათობით, რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგვთხოვს… ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს, ასანქცირებენ იმისათვის, რომ ბოლო ორ წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს, თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოჰყოლია, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია… „დიფ სთეითი” ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს “დიფ სთეითის” სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული…” -აღნიშნულია განცხადებაში”, – განაგრძობს გამოცემა.
“ან იომებ ან დაგსჯით” – ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი გლობალური ომის პარტიისგან იღებს… გლობალურ ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს, რომელმაც კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ხელმეორედ ჩათრევა არ დაუშვა… გლობალური ომის პარტიის გავლენით, თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს ორუელისეული პრინციპი – “ომი არის მშვიდობა, მონობა – თავისუფლება, ხოლო უმეცრება – ძალა”. ომი, მონობა, უმეცრება და ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც გლობალური ომის პარტია თანამედროვე სამყაროს უდიდეს ნაწილს არაფორმალურად მართავს… იმედი გვაქვს, 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და “დიფ სთეითის” პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად… მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში – ეს არის დევიზი, რომელიც 2030 წლამდე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის უნდა გახდეს თანაცხოვრების საკვანძო პრინციპი”, – ნათქვამი პოლიტსაბჭოს განცხადებაში”, – დასძენს გამოცემა.
“ოპოზიციამ აღნიშნულს “პარანოიდული განცხადება” უწოდა და განაცხადა, რომ ეს შედეგია იმისა, რომ 20 იანვარიც მოდის და რეალურად ხვდება “ოცნება”, რომ აშშ მათ მიმართ არაფერს შეცვლის და “მერე იტყვიან, რომ დონალდ ტრამპიც “გლობალური ომის პარტიისა” და “დიფ სთეითის” ქვეშ მოექცა”. “უკვე პრობლემები გაჩნდა, მათ შორის მათ მომხრეებშიც, ამასთანავე პროტესტის ტალღა არ წყდება და იძულებულები არიან რაღაც რეაგირება მოახდინონ”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. “დიფ სთეითი” ანუ ე.წ. ღრმა სახელმწიფო “ქართული ოცნების” მიერ არაა მოგონილი. ამ ყველაფერს ამბობდნენ და ამბობს რესპუბლიკური კონსერვატიული ძალები, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში… ეს არის ძალიან დიდი მახინჯი კონგლომერატი, ძალიან დიდი ფულიანი და გავლენიანი პოლიტიკოსებისა თუ ბიზნესმენებისგან შექმნილი, რომლებიც შეკრებილნი არიან, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში და რომელთა მიზანია, რომ მთავარია იყოს ომი, უბედურება, სისხლისღვრა და სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე ფულის კეთება”,- ამბობს ანალიტიკოსი გია აბაშიძე”, – აღნიშნავს გამოცემა.
“პარტიული დისციპლინა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში დაცული უნდა იყოს. აქ არაფერი დასაძრახი და შემაშფოთებელი არაა, როგორც ამას “ქართული ოცნების” ოპონენტები წარმოაჩენენ. ძალიან სამწუხაროა, რომ მმართველი გუნდის ოპონენტები საერთოდ არ იცნობენ პროგრესული და ლიბერალური დემოკრატიის ელემენტარულ ანა-ბანას. მმართველი გუნდი განცხადებებს აკეთებს კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით და ამა თუ იმ სფეროს სპეციალისტების რჩევებს ითვალისწინებს ხოლმე ის ე.წ. ექსპერტების საუბრები ძალიან სასაცილოა. “დიფ სთეითი”, ანუ ღრმა სახელმწიფო და ა.შ. ეს ტერმინები “ქართული ოცნების” მიერ მოგონილი არაა, ესაა ძირძველი პოლიტიკური ჟარგონის საკითხები, რომლებიც დასავლეთში მოიგონეს. როდესაც ქართული ოპოზიცია მიმდინარე ტენდენციებს ჩამორჩენილია, ეს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. განსხვავებით “ქართული ოცნებისგან”, რომელმაც იცის რა არის დემოკრატია, რა პოლიტიკური ტერმინოლოგია. ამას მმართველი გუნდი ყოველთვის მიჰყვება და უსწრებს კიდეც წინ”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“როდემდე უნდა უცადოს ქართველმა ამომრჩეველმა ჩამორჩენილ ოპოზიციას? თუნდაც მათ მიერ ახალი წლის დღეებში გამართული შოუ, როგორი სასაცილო და ტრაგიკომიკურია. როგორც აღვნიშნე, ტერმინოლოგია “გლობალური ომის პარტია”, “ომის წამქეზებელი პარტია”, “დიფ სთეითი” , ანუ ე.წ. ღრმა სახელმწიფო “ქართული ოცნების” მიერ არაა მოგონილი. ამ ყველაფერს ამბობდნენ და ამბობს რესპუბლიკური კონსერვატიული ძალები, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. ეს ვაშინგტონში, ან ბრიუსელში რეგისტრირებულ პარტიას არ ნიშნავს, ეს არის ძალიან დიდი მახინჯი კონგლომერატი, ძალიან დიდი ფულიანი და გავლენიანი პოლიტიკოსებისა თუ ბიზნესმენებისგან შექმნილი, რომლებიც შეკრებილნი არიან, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპაში და რომელთა მიზანია, რომ მთავარია იყოს ომი, უბედურება, სისხლისღვრა და სხვათა დაჩაგვრის ხარჯზე ფულის კეთება”, – განაგრძობს აბაშიძე.
“ეს არ არის საჯაროდ დარეგისტრირებული პარტია, ეს საიდუმლო ორგანიზაციაა, რომელთა შესახებაც “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან განაცხადა. ეს არსებობდა და სამწუხაროდ მომავალშიც იარსებებს. დონალდ ტრამპი და ამერიკელი რესპუბლიკელი პოლიტიკოსები ამას უნდა გაუმკლავდნენ იმიტომ, რომ არ იყოს დიქტატი ეკონომიკასა და პოლიტიკაზე. ამის გამოა, რომ უკრაინაში ომია, გლობალურად პრობლემებია და აშშ-ს წარმავალ დემოკრატიულ პარტიაზე ზეგავლენას ახდენენ და ა.შ. სწორედაც ტრამპი მედროშეა, რომ ეს აღმოფხვრას, მას მოკავშირეები ჰყავს ევროპაში და ნებისმიერ იმ ნაბიჯს, რომელიც ამ სიმახინჯეს აღმოფხვრის, “ქართული ოცნება” მხარს დაუჭერს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ “ოცნება” და რესპუბლიკელები ერთ პოლიტიკური დღის წესრიგში არიან, მაგრამ იდეოლოგიურად რასაც ტრამპი ამბობს, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, ამასვე ამბობს “ოცნებაც”, რაც ე.წ. რუსეთუმეობას არ ნიშნავს”, – ამტკიცებს გია აბაშიძე.
“დიფ სთეითში” იგულისხმება მთელი დასავლეთი, ჯერჯერობით ტრამპის გამოკლებით, ივანიშვილი და ტრამპი ერთად ებრძვიან ამ “დიფ სთეითს” და არ ვიცი, როგორ იქნება საქმე. ზოგადად ეს განცხადება პასუხია იმ შემოტევაზე, რასაც “ქართული ოცნება” ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან იღებს და ერთგვარი თავის მართლება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. უკვე პრობლემები გაჩნდა, მათ შორის მათ მომხრეებშიც, ამასთანავე პროტესტის ტალღა არ წყდება და იძულებულები არიან რაღაც რეაგირება მოახდინონ. რეალური რეაგირება მათ არ შეუძლიათ, ამიტომ ამ განცხადებით კმაყოფილდებიან, რომელიც საკმაოდ ვრცელია, მაგრამ ძირითადად მაინც ტავტოლოგიაა და ერთი და იგივე პასაჟი რამდენჯერმე მეორდება.”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ყველაზე საინტერესო, რომელიც “ძალიან მომეწონა” ის იყო, რომ თურმე “ქართულ ოცნებას” იმედი აქვს, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირი “დიფ სთეითის” პრობლემას როგორც იქნება დაძლევს. “ოცნებაც” ხომ გვპირდება, რომ 2030-ში გავხდებით ევროკავშირის წევრი, როგორც ჩანს, “დიფ სთეითის” წინააღმდეგ ბრძოლა ამ დროისთვის დასრულდება და მერე ღირსებით ევროკავშირის წევრი გავხდებით. რეალურად კი ეს თავის მართლებაა, რომ საკუთარი მომხრეების დაკარგვა შეანელონ. 20 იანვრამდეც ბევრი აღარ დარჩა და შემდეგ უკვე ვნახავთ რა და როგორ იქნება, მაგრამ ჯერჯერობით მაინც ცდილობენ, რომ ამ დრომდე როგორმე გადასწიონ ეს პრობლემა”, – დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“სომხეთში ფაშიზმი ან თვითონ უნდა გაანადგურონ, ან ჩვენ” – ალიევის მკაცრი განცხადება და კონფლიქტის განახლების საფრთხე
“სომხეთი რეალურად საფრთხის წყაროა რეგიონისთვის, დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო, ფაქტობრივად, ფაშისტური სახელმწიფოა”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, სომხეთს თითქმის 30 წლის განმავლობაში “ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლები” მართავდნენ, რის შედეგადაც ქვეყანაც თავიანთი მსგავსი შექმნეს. “ასეთი ფაშისტური სახელმწიფოს მეზობლები ვართ და ფაშიზმის საფრთხე არ ქრება. ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას ან სომხეთის ხელმძღვანელობა, ან ჩვენ გავანადგურებთ. სხვა არჩევანი არ გვაქვს”, – აღნიშნა ალიევმა. ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ ილჰამ ალიევის ეს განცხადება გარკვეული საფრთხის საფუძველს იძლევა. ის ალიევის განცხადების რამდენიმე სავარაუდო მიზეზს ასახელებს. ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ ამით ალიევი ცდილობს სომხეთის ხელისუფლების შეჯანჯაღარებას, რათა სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი დროულად მოაწეროს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ალიევი ამ განცხადებით სომხეთის ხელისუფლებასა და თვითონ საზოგადოებაზე ზეწოლას ახდენს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სომხეთში ფაშიზმი ან თვითონ უნდა გაანადგურონ, ან ჩვენ” – ალიევის მკაცრი განცხადება და კონფლიქტის განახლების საფრთხე.
“გარკველწილად შეიძლება კონფლიქტის განახლების საფრთხე არსებობდეს. შესაძლოა ალიევი თავის განცხადებას იყენებდეს საბაბად იმისთვის, რომ დაამყაროს კონტროლი ზანგეზურის დერეფანზე, რომელიც აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს პირდაპირი კონტაქტი ჰქონდეს ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და ასევე, თურქეთთანაც. ამიტომ ერთი ვერსიით შეიძლება აზერბაიჯანი სომხურ “ფაშიზმს” ამის საბაბად იყენებდეს. მეორე ვარიანტია, რომ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლება აიძულოს ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას, ანუ სომხეთი წავიდეს დათმობაზე, რადგან ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდა. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად თითქოს სომხეთის დაშანტაჟებას ჰქონდა ადგილი. გამორიცხული არც ისაა, რომ ილჰამ ალიევი საერთაშორისო საზოგადოებასაც აშანტაჟებდეს, რადგან ევროპული სახელმწიფოები მხარს სომხეთს უჭერს, განსაკუთრებით საფრანგეთი. აზერბაიჯანზე იძახიან, რომ ავტორიტარული ქვეყანაა, ხოლო სომხეთი ხალხის მონაცემების მიხედვით, თავისუფალი და თან ბევრი ევროპული ქვეყანა ამბობს, რომ სომხეთი დემოკრატიულ გზას ადგას. საერთო ჯამში ასეთი განცხადების გაკეთება აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან სომხეთი ფაშისტური სახელმწიფო ნამდვილად არაა. ეს განცხადება გარკვეული შეშფოთების საფუძველს იძლევა ისევე, როგორც დონალდ ტრამპის კანადასა და გრენლანდიასთან დაკავშირებით”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“ჩემი აზრით, ეს განცხადება უფრო გააფრთხილებაა, რადგან მხარეები თითქმის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერამდე იყვნენ მისულები, დეკემბერში ეს შეთანხმება უკვე დაიდებოდა, მხოლოდ ტექნიკური საკითხები იყო გადასაწყვეტი, თუმცა სომხეთის ხელისუფლება რატომღაც ამას აჭიანურებდა. როდესაც სომხეთის ხელისუფლება ლაპარაკობდა, რომ ისინი მზად იყვნენ და საქმე ხელმოწერამდე იყო მისული, სომხეთი წელავს. გასაგებია, რომ სომხეთში არც ისე კარგი მდგომარეობაა, ვინაიდან ნიკოლ ფაშინიანი ფაქტობრივად, კრემლს დაუპირისპირდა, ფაშინიანსა და ლუკაშენკოს შორის მოხდა საკმაოდ მწვავე დიპლომატიური ხელჩართული ბრძოლა. ამ სიტუაციას ართულებს სომხეთის შიგნით მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და როგორც ჩანს, ფაშინიანმა ვერ შეძლო პოლიტიკური მხნეობის გამონახვა, რომ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა. სავარაუდოდ, ალიევს ყელში ამოუვიდა ამდენი ლოდინი და ეს განაცხადა. მე ყოველ შემთხვევაში ასე აღვიქვი. ალიევი საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი და პოლიტიკოსია. ის გლობალურ მოთამაშედ ითვლება. ასეთი უხეში და რადიკალური განცხადებით ცდილობს სომხეთის ხელისუფლება შეაჯანჯღაროს”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“აშკარად აქ რაღაც მუქარის ნიშნები არის, რადგან ის ამბობს, რომ ფაშიზმს ან ჩვენ განავადგურებთ, ან სომხეთის ხელისუფლებაო, ანუ სომხეთი არ ანადგურებს, მათ უნდა გააკეთონ. მგონი ეს უფრო ზეწოლაა. აზერბაიჯანი სომხეთისგან ელოდება, რომ კონსტიტუციიდან ამოიღებს პრეტენზიებს აზერბაიჯანის ტერიტორიების მიმართ. ამიტომ დღემდე არ ეწერება ხელი მათ შორის სამშვიდობო შეთანხმებას. ეს არის დღემდე მოუგვარებელი საკითხი. ჩემი აზრით ეს არის მცდელობა, რათა სომხეთის საზოგადოებაზე ზეწოლა მოახდინონ, რომ მათ გაისიგრძეგანოსნ, თუ რამდენად მტკივნეული და მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისთვის, რომ სომხეთის კონსტიტუციაში ჯერ კიდევ მითითებებია აზერბაიჯანის ტერიტორიის მიმართ. მგონი გარკვეულწილად ეს არის შეტყობინება სომხეთის ხელისუფლებისთვის, რომ მათ უნდათ მიიღონ ზომები, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ეს მუქარები ძალაში შევიდეს. ფაშიზმი საკმაოდ მკაცრი სიტყვაა, რომელიც როგორც წესი, ულტრამემარჯვენე რადიკალურ პოლიტიკას გულისხმობს. სომხეთის პოლიტიკა ნამდვილად არ არის ულტრამემარჯვენე, მით უმეტეს რადიკალური. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ ურთიერთგაგების პოლიტიკის წარმოებას”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
ტრამპის შოკისმომგვრელი განცხადება – აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე
“აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად, – ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს. გრენალდიაზე კოტროლის შესახებ ტრამპის განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მის სუვერენულ საზღვრებზე სხვა ქვეყნების თავდასხმას არ დაუშვებს. “რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ ევროკავშირი მის სუვერენულ საზღვრებზე მსოფლიოს სხვა ქვეყნების თავდასხმას არ დაუშვებს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ ძლიერი კონტინენტი ვართ”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დონალდ ტრამპმა მედიაში საუბარში კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას ამ ტერიტორიებზე კონტროლის მოსაპოვებლად, უპასუხა: “არა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ტრამპის შოკისმომგვრელი განცხადება – აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე.
“არა. დარწმუნებით ვერ გეტყვით, ამ ორიდან რომელს, მაგრამ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ გვჭირდება ისინი ეკონომიკური უსაფრთოხებისთვის”, – განაცხადა ტრამპმა. ამასთან, კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა ის სამხედრო ძალას კანადასთან დაკავშირებით, აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა უპასუხა, რომ გამოიყენებს არა სამხედრო, არამედ ეკონომიკურ ძალას. მანამდე დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანადაში ბევრს სურს აშშ-ის 51-ე შტატად ყოფნა. “კანადა რომ აშშ-ს შეუერთდეს, არ იქნებოდა ტარიფები, გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და ისინი სრულიად დაცულები იქნებოდნენ რუსული გემების საფრთხისგან, რომლებიც მუდმივად ირგვლივ არიან. ერთად დიდი ერი იქნებოდა”, – განაცხადა ტრამპმა. რონდელის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ მისთვის ტრამპის ეს განცხადება გასაკვირი და გაუგებარია”. საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მენაღარიშვილს მიაჩნია, რომ ტრამპის ეს განცხადება მიანიშნებს იმაზე, ის მკვეთრი ნაბიჯების გადასადგმელად მზადაა, როცა საქმე ამერიკის ინტერესებს ეხება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მართალი გითხრათ ჩემთვის ძალიან შოკისმომგვრელია ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები. დონალდ ტრამპი საკმაოდ არაპროგნოზირებადია და როგორც ჩანს, მაგ კაცს განათლებაც აკლია. თან მას ზოგიერთი ცოტა უცნაური მრჩევლები ჰყავს და ხანდახან ვუსმენთ ისეთ ხალხს, როგორიცაა მაგალითად ილონ მასკი, მართალია მილიარდერია, მაგრამ მთლად სერიოზულ ადამიანად არ მიმაჩნია. სხვაგვარად ამას ვერ ვხსნი ამა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
“ევროპის პასუხზე მე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ დონალდ ტრამპის ეს გზავნილი არის კიდევ ერთხელ განაცხადი იმაზე, რომ ის მზად არის მკვეთრი ნაბიჯების გადასადგმელად, როცა საქმე ამერიკის ინტერესებს ეხება. რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, ამაზე კომენტარს რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებ”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.