ყველა პრობლემა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, რომელსაც ქუჩაში და საერთაშორისო დონეზე ვპასუხობთ, 2024 წლიდან გადმოგვყვა – საჭიროა შრომა, ბრძოლა, წინააღმდეგობის გაწევა, რათა არ მივიდეთ 2025 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე და მანამდე, გაზაფხულის ფარგლებში, ამ საკითხების მოგვარება მოხდეს, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
რაც შეეხება სანქციებს და სანქციებთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებას, პაატა ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ სანქციებს, რომელიც აშშ-მ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოიყენა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „უკან არ წაიღებს“.
ამასთან, მისი მოლოდინით, აშშ-ს მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდება.
„ყველა პრობლემა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, რომელსაც ქუჩაში და საერთაშორისო დონეზე ვპასუხობთ, 2024 წლიდან გადმოგვყვა. აღნიშნული 2024 წელს უნდა დასრულებულიყო და 2025 წელს არ უნდა გადმოსულიყო. განსაკუთრებით არჩევნებს უნდა ეჩვენებინა ხალხის ნების მკაფიო გამოხატულება, რომელიც იყო და არ დაკანონდა. შესაბამისად, ეს ბრძოლა გრძელდება და ალბათ, ეს ყოველივე წლევანდელ წელს დასრულდება.
ბუნებრივია, საჭიროა შრომა, ბრძოლა, წინააღმდეგობის გაწევა, რათა არ მივიდეთ 2025 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე და მანამდე, გაზაფხულის ფარგლებში, ამ საკითხების მოგვარება მოხდეს. ამისთვის საჭიროა მხოლოდ მკაფიო, მშვიდობიანი პოზიციების გამოხატვა. აშკარად, ევროპა ჩვენ მოგვყვება, უნიკალური სიტუაციაა. ვინც დღეს ეწინააღმდეგება ავტორიტარულ – „ქართულ ოცნების“ რეჟიმს, ვადგენთ არა მარტო საქართველოს შიდა დღის წესრიგს, არამედ ევროკავშირის და აშშ-ს დღის წესრიგს საქართველოსთან მიმართებით. ასევე, არა მარტო საქართველოსთან მიმართებით, ასევე კავკასიის, პოსტსაბჭოთა სივრცესთან მიმართებითაც“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება სანქციებს, ბიძინა ივანიშვილი ისჯება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მან საქართველოს და დემოკრატიას უღალატა. მისი მეცადინეობით მიმდინარეობს ის, რომ საქართველომ საკუთარ კონსტიტუციას გადაუხვია, კერძოდ, არა საერთაშორისო ვალდებულებებს, არამედ შიდა ვალდებულებებს. ამერიკა სჯის არა ივანიშვილს, არამედ ამერიკა ცდილობს მაქსიმალურად საქართველოს მოქალაქეებს შეახსენოს, რომ მათივე არჩევანში ეხმარება. ჯერჯერობით ვერავინ ვერ გაბედა და თქვა, რომ ჩვენ არ მივდივართ ნატო-ში, ევროკავშირში…
„ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ კუთხეში მოექცა. ისინი ხვდებიან, რომ მოხვდნენ ჩიხში. არ ელოდნენ, ასეთ მკაცრ რეაქციას დასავლეთიდან. მათ არ ეგონათ, რომ ასეთი მკაფიო იქნებოდა დარტყმა. ახლა უნდათ, რომ როგორმე ამ დარტყმას გაუძლონ და შემდეგ გადავიდნენ შეტევაზე“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კრიტიკას ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიმართ და მმართველი პარტიის განცხადებას, რომ „ევროპელი პენსიონერებისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს, ჯო უილსონს ხმარდება“, პოლიტოლოგმა განმარტა, რატომ არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე საქართველოს საკითხზე ასე აქტიური.
„ჯო უილსონი არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე. ის ხედავს რამდენი ენერგია, რესურსი – არა მარტო ფინანსური, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დახარჯა, რათა სადღაც კავკასიაში, რაღაც მბჟუტავი დემოკრატიის განვითარებისთვის ხელი შეეწყო და ამ მბჟუტავ დემოკრატიას ჰქვია საქართველო. ის ხედავს, როგორ ერთი ხელის მოსმით შეიძლება ეს დაიკარგოს. დემოკრატია ბევრ ქვეყანას დაუკარგავს, მაგრამ მთავარია ქართველი ხალხი ამისთვის იბრძვის. უილსონს თავისი იდეაფიქსები კი არ აქვს, არამედ ხედავს, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იბრძვის“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.