ბოლო პერიოდში, ძვირად ღირებულ შარფებზე მოთხოვნა გაიზარდა – „ფხოველი“

ბოლო პერიოდში, ძვირად ღირებულ შარფებზე მოთხოვნა გაიზარდა, – ამის შესახებ შარფების მწარმოებელი კომპანია „ფხოველის“ დამფუძნებელმა ნინო სხირტლაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, პროდუქციაზე მოთხოვნამ მოიმატა.
“ჩვენთან წინა საახალწლო პერიოდში გაიზარდა გაყიდვები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პროდუქციის ფასები 55-ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს და ბოლო პერიოდში მაღალფასიან შარფებზე მოთხოვნა ალბათ, 30%-ით არის გაზრდილი. ადამიანებს როდესაც სურთ, რომ ხელნაკეთი ნივთი შეიძინონ ურჩევნიათ გადაიხადონ ძვირი, მაგრამ ხარისხიანი და განსხვავებული.
რაც შეეხება ზოგადად 2024 წელს – რთული წელი იყო. დოლარის ცვალებადობის გამო მიჭირდა ნედლეულის ფასის დაჭერა, რადგან ძირითადად საზღვარგარეთიდან შემომაქვს. გაყიდვები დაახლოებით, 25%-ით არის გაზრდილი, თუმცა ეს არ არის ის მაჩვენებელი, რომელიც მისაღებია ჩვენთვის. რეალურად რადგან ჩვენი კომპანია მხოლოდ ონლაინ ახორციელებს გაყიდვას, კარგავს იმ მომხმარებლებს, რომლებსაც ადგილზე სურთ პროდუქციის შეძენა. ძალიან რთულია სავაჭრო ცენტრებში შესვლა და ამ მიმართულებით საერთოდ არ არის ხელშეწყობა”, – აცხადებს ნინო სხირტლაძე.
მანვე აღნიშნა, რომ “ფხოველის მომხმარებლების 60% ქართველია, ხოლო 40% უცხოელი.
შეგახსენებთ, “ფხოველი” საქართველოს ბაზარზე 2018 წელს დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საჭირო ნედლეულის შეძენა საზღვარგარეთ, ძირითადად, იტალიასა და ბულგარეთში ხდება.