„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – ყველა პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, „დიფ სთეითის“ ქსელის წევრია, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესებით, არამედ “გლობალური ომის პარტიის” კარნახით მოქმედებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებით, ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს.
უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული გლობალურ ომის პარტიას სხვადასხვა ქვეყანაში და რაც უფრო ძლიერია ამა თუ იმ ქვეყანაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზები, რომელიც გლობალური ომის პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება, მით უფრო ანტიქართულია შესაბამისი ქვეყნის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ.
უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს.
თავის დროზე დახურულ კარს მიღმა გაჟღერებულმა მოთხოვნამ და მუქარამ საბოლოოდ საჯარო სახე მიიღო. „ან იომებ ან დაგსჯით“ – ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი გლობალური ომის პარტიისგან იღებს. მეტიც, ოპოზიციის პირით, ქართველი ხალხის დასჯაზეც დაიწყეს საუბარი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ხელისუფლებაზე მეტადაც კი, გლობალურ ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს, რომელმაც კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ხელმეორედ ჩათრევა არ დაუშვა.
საბოლოოდ, ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს.
გლობალური ომის პარტია მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრის მანიპულირებას ახერხებს. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმცირესობას დღეს ის ზუსტად ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გაუკეთებია. ლოკალური ომის პარტიის, ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერებმა ზუსტად იციან, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის და სწორედ ამიტომ ამბობენ უარს ხელისუფლების ყველა შეთავაზებაზე საჯარო დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით. თუმცა, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს მონური დამოკიდებულება არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკული თუ ევროპული ბიუროკრატიის ნაბიჯებს კრიტიკულად შეხედონ.
გლობალური ომის პარტიის გავლენით, თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს ორუელისეული პრინციპი – „ომი არის მშვიდობა, მონობა – თავისუფლება, ხოლო უმეცრება – ძალა“. ომი, მონობა, უმეცრება და ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც გლობალური ომის პარტია თანამედროვე სამყაროს უდიდეს ნაწილს არაფორმალურად მართავს.
უკვე ზედიზედ მეორედ არ აღიარებენ ეუთო/ოდირის დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც მანამდე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას დაჟინებით ითხოვდნენ. მეტიც, ამ დასკვნით გაგულისებულმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ დაეშვათ.
ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით – „სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს – ჯო უილსონს ხმარდება, რითაც „დიფ სთეითი“ თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება – დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ.
შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ს გადაწყვეტილება, რომელიც კაცის კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჯნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აგრძელებს.
პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სთეითის“ მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, რაც, გვჯერა, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში.
ევროპაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა – „სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის არჩევით, მაგრამ ბრიუსელი კვლავ მის ხელშია“. ბუნებრივია, სოროსში არა კონკრეტული ადამიანი, არამედ „დიფ სთეითის“ უკან მდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმება.
„დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა. სწორედ ამ მეტასტაზების აქტიურობის შედეგია არა მხოლოდ ევროკავშირის ბიუროკრატიის არსებული ანტიქართული პოლიტიკა, არამედ უხეში ლგბტ-პროპაგანდა და მიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს თანმიმდევრულად იდენტობას აკარგვინებს და რითაც ჩვენ ქვეყანასაც უშუალოდ ემუქრებიან.
იმედი გვაქვს, 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამასთან, საქართველო არა მხოლოდ პასიურად უნდა დაელოდოს ცვლილებებს ევროკავშირში, არამედ თავადაც აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში.
მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში – ეს არის დევიზი, რომელიც 2030 წლამდე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის უნდა გახდეს თანაცხოვრების საკვანძო პრინციპი“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ