„ქართული ოცნება“ აგრძელებს შეთქმულების თეორიების განვითარებას და ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს საქართველოს ომში ჩართვის სურვილის ქონაში ადანაშაულებს.
პარტიის პოლიტსაბჭოს სახელით გავრცელებულ განცხადება იმეორებს ამ დრომდე „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს „გლობალური ომის პარტიისა“ და „დიფ სთეითის“ შესახებ, განსხვავება მხოლოდ საქართველოს შესახებ დაინიცირებული „მეგობარი აქტის“ ავტორის, ჯო უილსონის შესახებ ფრაგმენტია.
„ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება – დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ“, – წერია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
რესპუბლიკელი კონგრესმენი, „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე ჯო უილსონი ბოლო პერიოდში აქტიუროს „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირების საკითხზე. მათ შორის, პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესახებ.
2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. 30 დეკემბერს მიწერილი წერილით უილსონმა აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ახლობლების სანქცირებისკენ მოუწოდა.
ერთ-ერთი ბოლო პოსტი სოციალურ ქსელ X-ში 5 იანვარს გამოქვეყნა. მასში ეწერა:
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად! ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. აშშ არ აღიარებს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მომხრე, პროირანულ ივანიშვილის რეჟიმს!“
„მეგობარი აქტი“, რომლის განახლებული ვერსიაც ხელახლა დარეგისტრირდა შეერთებული შტატების განახლებულ წარმომადგენელთა პალატაში, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებისთვისაც ითვალისწინებს სანქციების დაწესებას.
კანონპროექტი ერთდროულად ორ სცენარზეა გათვლილი და „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს „თაფლაკვერსა და მათრახს“ – ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში, ითვალისწინებს სამხედრო დახმარებას, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ხოლო კურსის შენარჩუნების შემთხვევაში – კიდევ უფრო მკაცრ სანქციებს.
ოჯახის წევრებს სანქციები შეეხებათ იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების შესახებ შემოწმებისას – რასაც ამ კანონპროექტით კონგრესი ავალდებულებს აღმასრულებელ ხელისუფლებას – დადასტურდება, რომ ისინი მონაწილეობდნენ კორუფციასა თუ ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში.
„მეგობარი აქტი“ თავდაპირველად 2024 წლის 20 მაისს – საქართველოს პარლამენტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე – დარეგისტრირდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. მსგავსი შინაარსის აქტი – „ქართველი ხალხის აქტი“ – შეიტანეს კონგრესის ზედა პალატაში, სენატშიც.