„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს, ჯო უილსონს ხმარდება – ის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა

„გლობალური ომის პარტიის გავლენით“, თანამედროვე მსოფლიოში მოქმედებს ორუელისეული პრინციპი – „ომი არის მშვიდობა, მონობა – თავისუფლება, ხოლო უმეცრება – ძალა“. ომი, მონობა, უმეცრება და ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც „გლობალური ომის პარტია“ თანამედროვე სამყაროს უდიდეს ნაწილს არაფორმალურად მართავს, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში.
როგორც განცადებაშია აღნიშნული, „უკვე ზედიზედ მეორედ არ აღიარებენ ეუთო/ოდირის დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც მანამდე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას დაჟინებით ითხოვდნენ“.
„მეტიც, ამ დასკვნით გაგულისებულმა ოპოზიციამ და მისმა პატრონებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ დაეშვათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, „ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს“.
„უილსონმა იმოქმედა პრინციპით – „სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს – ჯო უილსონს ხმარდება, რითაც „დიფ სთეითი“ თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება – დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ.
შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონს, რომელიც თავს კონსერვატიული მსოფლმხედველობის პოლიტიკოსად წარმოაჩენს, ერთხელაც არ დაუგმია ს გადაწყვეტილება, რომელიც კაცის კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა და რომელსაც პრეზიდენტ ტრამპის გუნდი ერთხმად გაემიჯნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ უილსონი ბლინკენის ხაზს საქართველოს დასჯის ნაწილშიც ერთგულად აგრძელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.