შინაგან საქმეთა სამინისტროს 300 000-ლარიანი ტენდერი, რომლითაც აქციებზე გამოყვანილი პოლიციისა და სპეცრაზმისთვის ლანჩს ყიდულობდა, „უარყოფითი შედეგით დასრულდა“. ეს ნიშნავს, რომ ხელშეკრულება ვერ გაფორმდა.
შსს ყიდულობდა ორი ტიპის ლანჩ-ნაკრებს. ერთში უნდა ყოფილიყო: ერთი სენდვიჩი, შოკოლადის ფილა და გამაგრილებელი სასმელი. მეორე ტიპის ნაკრები შეიცავდა დამატებით სენდვიჩს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, გამარჯვებულს უნდა შეძლებოდა 12 საათის განმავლობაში 5000 კოპლექტის მიწოდება.
ტენდერი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 8 ნოემბერს გამოცხადდა. ბოლო კვირებია დედაქალაქში პროტესტი არ წყდება, მრავალრიცხოვანი აქციები იმართება ახალი არჩევნების ჩასატარებლად.
ამ ტენდერში შპს „ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემს“ იმარჯვებდა და მასთან ხელშეკრულებაც უნდა გაფორმებულიყო, თუმცა კომპანიამ მისთვის მიცემულ 5-დღიან ვადაში საბანკო გარანტიის დამდასტურებელი დოკუმენტი არ წარადგინა. ამ მიზეზით „ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემს“ დისკვალიფიკაცია მიანიჭეს.
იმის გამო, რომ ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა, შსს-მა 28 დეკემბერს 10 000 ლანჩის ნაკრებები 103 500 ლარად შეიძინა. ხელშეკრულება, რომლის შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთვის ვალდებულებაც სამინისტროს აქვს, არ იძებნება.
2024 წლის გაზაფხულიდან შსს ლანჩის ნაკრებების დიდ ნაწილს ისედაც ტენდერის გარეშე ყიდულობს და შესყიდვის დეტალებს კანონდარღვევით მალავს. სამინისტროს მიერ აქციის დაშლაში მონაწილე სამართალდამცავებისთვის საკვების უტენდეროდ შესყიდვის შესახებ რადიო თავისუფლებამ რამდენჯერმე დაწერა.
შსს-სთვის წარუმატებლად დამთავრდა სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის შესაძენად გამოცხადებული კიდევ ერთი ტენდერი. 28 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა – 300 ათას ლარად დაახლოებით 35 ათასი ლანჩის ნაკრების შესყიდვაზე, ჩაიშალა.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქუჩებში მომუშავე ძალოვნების კვებისთვის 1 მლნ 400 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
ფორუმი