დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, პროკურატურა 16 იანვრის პროცესის გადადებას 12 მარტისთვის ითხოვს. ადვოკატის თქმით, ამის მიზანია, რომ უკანონოდ დაპატიმრებულების საქმის საჯარო განხილვა დროულად არ დაიწყოს.
მიგინეიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ჭიჭინაძის დაკავებიდან 1 თვეზე მეტია გასული, საგამოძიებო ორგანო კი ამბობს რომ მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო საკმარისი არ არის.
“1. პროკურატურა ითხოვს 16 იანვრის პროცესის გადადებას 12 მარტისთვის. მიზანი არის უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა.
2. შუამდგომლობის დასაბუთება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას! ისეთივე დაუსაბუთებელია როგორიც იყო ბრალის დადგენილება და პატიმრობის გამოყენების მოთხოვნა. საგამოძიებო ორგანო დღემდე ვერ უთითებს კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებს. ვერ უთითებს, რადგან არ არსებობს ბუნებაში რაიმე დანაშაულებრივი ფაქტი.
3. საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და ეს გადაწყვეტილებაც უკანონოა. დაპატიმრებული პირები ერთმანეთს არ იცნობენ, მაშინ როცა ბრალად წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
4. გამოძიებამ 11 პირის სისხლის სამართლის საქმე ხელოვნურად გააერთიანა. ამით პროკურატურა ქმნის ხელოვნურ სურათს რომ საქმე მოცულობითია (დიდია) და სურს მუდმივად ამ არგუმენტით მოითხოვოს პროცესის გადადება. 5. ანდრო ჭიჭინაძის დაკავებიდან 1 თვეზე მეტია გასული (გამოძიების დაწყებიდან კი უფრო მეტი), გამოძიების ორგანო კი ამბობს რომ მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო საკმარისი არ არის.
დაცვის მხარის პოზიციას შუამდგომლობის შესახებ ხვალ წარვადგენთ”- წერს ადვოკატი.