ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო , – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
პაატა დავითაიას თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოაცხადა გლოვის დღე, მაშინ, როდესაც ქართულ ოჯახში მომხდარი ამ უდიდესი ტრაგედიის გამო გლოვის დღე გამოაცხადა აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ.
„რთულია სიტყვებით გადმოვცეთ მწუხარება სოფელ საბერიოში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვებს ფასი არ აქვს. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები მხოლოდ სამძიმრით შემოიფარგლნენ და საზოგადოების მოლოდინის მიუხედავად, არ გამოცხადდა გლოვის დღე, მაშინ როდესაც ქართულ ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის გამო 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოაცხადა აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ. სახელმწიფო და ხელისუფლება მეტ თანადგომას უნდა გამოხატავდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული ოჯახების მიმართ”, – აცხადებს პაატა დავითაია.