გაერო-ში ისრაელის ელჩმა, დენი დანონმა განაცხადა, რომ უკანასკნელად აფრთხილებს „ჰუსიტებს“ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მისი თქმით, ისინი „ჰამასის“, „ჰეზბოლას“ და სირიის ყოფილი ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის „სავალალო ბედს“ გაიზიარებენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მივმართავ ჰუსიტებს: თქვენ, ალბათ, არ აქცევთ ყურადღებას იმას, რაც მოხდა ახლო აღმოსავლეთში გასული წლის განმავლობაში. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რა დაემართა „ჰამასს“, „ჰეზბოლას“, ასადს, ყველას, ვინც ჩვენს განადგურებას ცდილობდა. დაე, ეს იყოს თქვენი ბოლო გაფრთხილება. ეს არ არის მუქარა, ეს დაპირებაა. თქვენც იგივე სავალალო ბედს გაიზიარებთ“, – განაცხადა დენონმა.
ელჩმა, ასევე, გააფრთხილა თეირანი, რომ ისრაელს აქვს შესაძლებლობა ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ირანში, ნებისმიერ სამიზნეს დაარტყას და რომ ისრაელი არ მოითმენს ირანის მარიონეტების მხრიდან თავდასხმებს.
ამ განცხადებების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს, რის გამოც მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა.
ამასთან, „ჰუსიტების“ სამხედრო პრესსპიკერმა იაჰია სარიმ დღეს განაცხადა, რომ თელ-ავივის მახლობლად მდებარე ბენ-გურიონის აეროპორტსა და იერუსალიმის სამხრეთით მდებარე ელექტროსადგურზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს.