ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სალომე ზურაბიშვილისთვის პირადი დაცვის მოხსნას ითვალისწინებს. სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, 1 წლის განმავლობაში პირადი დაცვა აღარ ეყოლება.
13 დეკემბერს ქართული ოცნების ინიციატივით, შესაბამისი ცვლილებები “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ივანიშვილის პარლამენტმა მიიღო.
29 დეკემბერს კი ივანიშვილის პრეზიდენტმა აღნიშნულ ცვლილებებს ხელი მოაწერა.
“საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე განწესების დღიდან ენიშნება პერსონალური დაცვა. ამ თანამდებობის პირის უფლებამოსილების პერიოდში პერსონალური დაცვა ენიშნებათ აგრეთვე მისი ოჯახის წევრებს. აღნიშნულ თანამდებობის პირს უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში უნარჩუნდება პერსონალური დაცვა, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად არ დაუდასტურებია ამ თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა ანდა თუ აღნიშნულ თანამდებობის პირს უფლებამოსილება არ შესწყვეტია მის მიერ დანაშაულის ჩადენის შედეგად” – წერია სახეცვლილ კანონში
ცვლილებამდე, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, პირადი დაცვა 1 წლის ვადით უნარჩუნდებოდა
2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.
“საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ სექტემბერსა და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ა ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას” – ეწერა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაში.