სოციალურ მუშაკთა გაერთიანება პრობაციის სააგენტოს წინააღმდეგ კოლექტიური დავას იწყებს

„სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ კოლექტიური დავას იწყებს.
მათ ჯანდაცვის მინისტრს ს და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსს ვლადიმერ ხელაძეს მიმართეს. ისინი ასევე ითხოვენ, რომ დავის შეთანხმებით გადაწყვეტის მიზნით, შრომის კოდექსის შესაბამისად, მედიატორი გამოიყოს შრომის სამინისტროდან.
„სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ წარმოადგენს პროფესიულ კავშირს, რომლის წევრებიც არიან დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.
დავის დაწყების საფუძვლად „სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ დამსაქმებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებთან დაკავშირებული უთანხმოებას, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ან შრომის პირობების დარღვევას ასახელებს, რაც გამოიხატება შემდეგში:
1. პროფესიული კავშირის წევრები დასაქმებულები არიან ვადიანი შრომითი ხელშეკრულებებით, რის გამოც პროფესიული კავშირის წევრები: მარიამ ბურჯანაძე, მარიამ სირაძე, მარიკა ტყეშელაშვილი და ანა ენდელაძე 2024 წლის 31 დეკემბრიდან გათავისუფლდებიან დაკავებული თანამდებობებიდან.
2. თანამშრომელთა სამუშაოს მოცულობა შეუსაბამოდ მაღალია, რაც საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას;
3. თანამშრომლებს აქვთ დაბალი ხელფასი;
4. დამსაქმებელს არ აქვს განსაზღვრული ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი ან/და არ ანაზღაურებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე კოლექტიური დავის ფარგლებში დასაქმებულთა მოთხოვნებია:
1. პროფესიული კავშირის წევრებთან დაიდოს უვადო შრომითი ხელშეკრულებები, მათ შორის, მარიამ ბურჯანაძეს, მარიამ სირაძეს, მარიკა ტყეშელაშვილსა და ანა ენდელაძეს 2025 წლის 1 იანვრიდან უვადოდ გაუგრძელდეს შრომითი ხელშეკრულება;
2. დადგინდეს სოციალურ მუშაკთა მიმდინარე საქმეთა მაქსიმალური ოდენობა, კერძოდ, თითოეულ სოციალური მუშაკის მიმდინარე საქმე არ უნდა აღემატებოდეს 50 საქმეს;
3. თანამშრომელთა მინიმალური ხელზე ასაღები ხელფასი განისაზღვროს 2500 ლარით.
4. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ტარიფი განისაზღვროს საათობრივი ანაზღაურების 1.5-ჯერ გაზრდილი ოდენობით და პროფესიულ კავშირთან შეთანხმებით განისაზღვროს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი.
„საქართველოს შრომის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოლაპარაკებების ნებისმიერ სტადიაზე, შეთანხმების მისაღწევად მხარეს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს მინისტრს მედიაციის დაწყების მიზნით დავის მედიატორის დანიშვნის თაობაზე.
ვიყენებთ რა კანონით გათვალისწინებულ უფლებას და გატყობინებთ, რომ ვიწყებთ კოლექტიურ დავას დამსაქმებელთან საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად.
ვინაიდან გვსურს დავის მედიაციის გზით გადაჭრა, მოგმართავთ თხოვნით, დამსაქმებელსა და მის დასაქმებულებს შორის წარმოშობილი კოლექტიური დავის შეთანხმებით გადაწყვეტის მიზნით დანიშნოთ დავის მედიატორი“, – ნათქვამია მიხეილ სარჯველაძეს და ვლადიმერ ხელაძისადმი გაგზავნილ განცხადებაში.
სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ინფორმაციით, პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა ნაწილს მომდევნო წლიდან ხელშეკრულებას არ გაუგრძელებენ. გაერთიანება ვარაუდობს, რომ მიზეზი ამ ადამიანების პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება იყოს.
გაერთიანებაში აცხადებენ, რომ კვალიფიციურ სოციალურ მუშაკებს ათავისუფლებენ იმ ფონზე, როცა გამოცდილი და პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა როგორც ამ უწყებაში, ისე ზოგადად, ქვეყანაში.