რა მოხდა 5 ივლისის დღეს? – შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი დღემდე უთქმელი ამბების შესახებ “შაბათის ეთერთან” პირველად ჰყვება.
ირაკლი შაიშმელაშვილი ნოდარ მელაძესთვის მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიში ამბობს, რომ 2021 წლის 5 ივლისის ძალადობისას საპოლიციო მოქმედებები საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესთან იყო შეთანხმებული.
მისივე მტკიცებით, შსს-დან ამ გადაწყვეტილებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ბედოიძე იღებდა, რომელიც უშუალოდ იყო ხაზზე ჯაღმაიძესთან.
გეგმა, რომელიც გვქონდა, სამწუხაროდ არ ჩაუშვეს, არ აამოქმედეს. სადაც გვყავდა ქვედანაყოფები განსაზღვრული, იქ არ დაგვაყენებინეს იმ რაოდენობებით, რა რაოდენობებითაც განსაზღვრული გვქონდა და გვითხრეს, რომ ანდრია ჯაღმაიძესთან არის შეთანხმებული სიტუაცია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს.
ქვედანაყოფებისთვის ადგილმდებარეობა შეგვაცვლევინეს. ამ გადაწყვეტილებას იღებდა შალვა ბედოიძე, შსს-ს მინისტრის მოადგილე. ბედოიძემ თქვა სწორედ, რომ ჯაღმაიძესთან არის გავლილი თემა. რომ დაგვირეკეს უკვე რომ ჩავრთულიყავით ამოცანაში, იქ არსებული რესურსი ფიზიკურად რაოდენობრივად აღარ ეყოთ და 10-15 წუთში მოხდა ის, რაც მოხდა. სამწუხაროდ, ჩვენი ქვედანაყოფები როცა მივიდნენ, ყველა ნაცემები იყვნენ”. – ამბობს შაიშმელაშვილი.
5 ივლისის სისხლიანი ანგარიშსწორების დღეს 53 ჟურნალისტი დაშავდა. რადიკალური დაჯგუფების აგრესიული წევრები რუსთაველის გამზირზე უსწორდებოდნენ ყველას, ვისაც ხელში მიკროფონი ან ტელეკამერა ეჭირა. 5 ივლისი განსაკუთრებით მძიმე თარიღია “ტვ პირველისთვის”. სწორედ ამ დღეს სასტიკად ცემის და დასისხლიანების შემდეგ, რამდენიმე დღეში ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. მას მოძალადეები “სირცხვილიას” ოფისთან გაუსწორდნენ,აგრესორებმა წრეში მოიქციეს, კამერა დაუმტვირეს და სასტიკად სცემეს.
სისხლიანი ანგარიშსწორების დღიდან სამი წელი გავიდა, თუმცა მოძალადეები ამ დრომდე დაუსჯელები არიან.
ექსკლუზიური ინტერვიუ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი შაიშმელაშვილთანვრცლად ნახეთ აქ: