როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ცესკო-ს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, დაფინანსების მიღებაზე უარი მხოლოდ პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები.
“ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები დღეს, გვარამიას პარტიის გარდა სამივემ და გარდა ამისა, ვინც ვერ გადალახა ბარიერი, დამატებით 2-მა პარტიამ, ვისაც ეკუთვნოდა დაფინანსება, ასევე, აღიარა არჩევნების შედეგები. როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE”-ში.
საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს. ცესკოს განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მეორე დღიდან, 26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; „გახარია საქართველოსთვის“; „ლელო საქართველოსთვის“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“. ცეკო-ს ინფორმაციით, დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადა პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. ცესკოს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე მიღებულ დაფინანსებაზე უარის თქმის ვადა პოლიტიკურ გაერთანებებს 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოეწურათ.