რუსეთმა აშშ-ის ჰელსინკის კომისია “არასასურველ ორგანიზაციად” გამოაცხადა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. “არასასურველი ორგანიზაციების” სიაში შეიტანა შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია. ეს ორგანიზაცია შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერაა შექმნილი ადამიანის უფლებების, სამხედრო უსაფრთხოებისა და ეკონომიკის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ჰელსინკის კომისიის მუშაობა რუსეთში აიკრძალება, მასთან თანამშრომლობის გამო კი ს მოქალაქეები შეიძლება სისხლის სამართლის კანონმდებლობით დაისაჯონ.
რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ კომისიის მუშაობა “მიემართება რუსეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას, ორგანიზაციის წევრები მასობრივად ავრცელებენ მასალებს, რომლებიც იწვევს ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, უფლებადამცველი ორგანოების და სასამართლო სისტემის მუშაობის დისკრედიტაციას”.
2023 წლის მაისში ჰელსინკის კომისიამ ოფიციალურად მიმართა ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და სთხოვა ნება დაერთო უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემისთვის. როცა 2023 წლის სექტემბერში ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, კომისია ამას მიესალმა.
ამერიკის ჰელსინკის კომისიის ოფიციალური სახელია “ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია”, ის 1976 წელს შეიქმნა. მისი მიზანია მეთვალყურეობა გაუწიოს 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმების განხორციელებას, რაც მოიცავს თანამშრომლობას და სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას.
“არასასურველი ორგანიზაციების” შესახებ კანონი რუსეთში 2015 წლიდან მოქმედებს. იმ უწყებების მუშაობა, რომლებსაც ხელისუფლება ამ რეესტრში შეიყვანს, ქვეყანაში იკრძალება. “არასასურველად” მიჩნეული ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, მეორე შემთხვევა კი ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კანონში ბუნდოვანია ფორმულირება იმის შესახებ, მაინც რა შეიძლება განიმარტოს, როგორც “მონაწილეობა” ორგანიზაციის მუშაობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!