სირიის რევოლუციის ლიდერთან მჭიდრო დიალოგს ვაწარმოებთ, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ახალ ადმინისტრაციასთან დაკავშირებულ სახელებს ყურადღებით ვაკვირდებით. მადლობა ღმერთს, რომ ვხედავთ მაღალ თანამდებობებზე დანიშნულ პირებს, რომლებმაც განათლება თურქეთში მიიღეს და ჩვენს ხალხთან კავშირები აქვთ. ჩვენ სირიის რევოლუციის ლიდერთან, ალ-შარაასთან მჭიდრო დიალოგს ვაწარმოებთ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თურქეთი სირიის ტერიტორიულ მთლიანობას ყოველთვის დაიცავს.
„სირიისა და ჩვენი რეგიონის მომავალში ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ შორის ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსა“ და „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ ადგილი არ აქვთ“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.